ვახტანგ ხმალაძისთვის გარკვეულ სახელმწიფო მომსახურებაზე საფასურის არსებობა მიუღებელია

ვახტანგ ხმალაძისთვის გარკვეულ სახელმწიფო მომსახურებაზე საფასურის არსებობა მიუღებელია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძისთვის მიუღებელია, როცა სახელმწიფო მოქალაქეს გარკვეული ცნობის აღებას ავალდებულებს და შესაბამისს მომსახურებაში საფასურს ახდევინებს.

საკითხი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ხმალაძესა და იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ბარამიძეს შორის კამათის თემად იქცა.

დებატები მათ შორის იარაღის შესახებ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის იმ ნაწილს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, იარაღის შეძენა-შენახვის უფლების მისაღებად პირს მსჯავრდების შესახებ ცნობის წარდგენა მოეთხოვება, აღნიშნული დოკუმენტის მისაღებად კი, გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს.

ხმალაძისათვის გაუგებარია, მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა რატომ უნდა იყოს ფასიანი და რატომ უნდა დაევალდებულოს პირს მისი აღება, როცა შსს-ს შესაბამისს სააგენტოს მისი მონაცემთა ბაზიდან აღება შეუძლია. ხმალაძის თქმით, მიუღებელია, როცა სახელმწიფო პირს ერთი საჯარო დაწესებულებიდან მეორეში ინფორმაციის მიტანას ავალდებულებს და ამაში ფულის გადახდას აკისრებს. დეპუტატის შეფასებით, ასეთი ვალდებულება თავად სახელწიფომ უნდა შეასრულოს, რადგან გადასახადის გადამხედელი ამისთვის ბიუჯეტში ფულს იხდის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებები არ გაიზიარა ბარამიძემ, რომლის თქმით, საკითხის გადახედვა სისტემას "თავდაყირა" დააყენებს. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მომსახურების საფასური სისტემის ეფექტიან მუშაობას და ინფრასტუქტურის გაუჯობესებას ხმარდება, ხოლო საფასურის არარსებობა კოლაფსს გამოიწვევს. ბარამიძის განცხადებით, მომსახურების ბაზა "საიდანღაც" არ მოდის და მას მუდმივი განახლება სჭირდება, ამას კი სჭირდება ფული.

"შემოგთავაზებთ, როცა ადამიანი სამინისტროში განცხადებით შემოდის, პასუხის გაცემისთვის საფასური დავადგინოთ", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ ალექსანდრე ბარამიძესთან დებატებისას.