ყოველთვის კეთდებოდა მკაცრი განცხადებები, როცა სასამართლოს შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი

ყოველთვის კეთდებოდა მკაცრი განცხადებები, როცა სასამართლოს შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება , რომელიც მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის წევრის, აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისთვის შეურაცხმყოფელი სატელეფონო შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით გააკეთა.

კოტე კუბლაშვილი თურქეთში იმყოფება და მისი განცხადება უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც ანცხადებაშია ნათქვამი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პოზიციას და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ყოველთვის კეთდებოდა მყისიერი და ძალიან მკაცრი განცხადებები, როცა მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას ან სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებას ჰქონდა ადგილი.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახლავთ აპოლიტიკური ფიგურა და იგი ყოველთვის დაიცავს როგორც მოსამართლის, ასევე სასამართლოს იმიჯს, იმის მიუხედავად, თუ ვინ დგას სასამართლოს იმიჯის შემლახავი განცხადების უკან.  სასამართლო ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მოსამართლეს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან სწორედ სასამართლოს პატივისცემა გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. სასამართლოს მიმართ ნიშნის მოგებით და ცინიკური განცხადებებით საუბარი არ არის დამახასიათებელი სამართლებრივი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის. ამ მხრივ კი სწორედ იუსტიციის მინისტრი გამოირჩეოდა.

იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება უფრო მეტი პატივისცემით და ნდობით განეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინსტიტუციის - სასამართლოს მიმართ, - ნათქვამია კოტე კუბლაშვილის განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას, რაც არის ძალიან სავალალო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისთვის მიწერილ სატელეფონო შეტყობინებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ზეწოლა სასამართლოზე, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შინაარსის იყო შეტყობინება.

"არის თუ არა ბატონი მინაშვილის მიერ მიწერილი ტექსტი მოსამართლეზე ზეწოლა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეწერა ამ ტექსტში. ამას შესწავლა სჭირდება, თვითონ ფაქტი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა, რა თქმა უნდა, არის ძალიან სავალალო. მე, ამ მხრივ ველოდები პირადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალიან მკაცრ განცხადებას, რაც დაამტკიცებდა იმას, რომ ის საკუთარი პარტიის წევრებსაც აკრიტიკებს, როდესაც მოსამართლეებზე საუბრობენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქალაქო სასამართლომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეურაცმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზულუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ.

ამის შემდეგ, აკაკი მინაშვილმა მოსამართლისადმი გაგზავნილი მესიჯი გაასაჯაროა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემ გზავნილს "მოსამართლე" ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ - "ვისაც გინდა ანახე ეს გზავნილი - მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ!", - ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!" , - განაცხადა მინაშვილმა.