ლევან ბეჟაშვილს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობის პარალიზება მოახდინოს

ლევან ბეჟაშვილს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობის პარალიზება მოახდინოს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოქმედი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის დღევანდელი სხდომა, ჯგუფის სხდომის ფორმატში არ ჩატარდა.

ამის მიზეზი არის ის, რომ სხდომაზე ჯგუფის ხელმძღვანელი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი არ მივიდა, რადგან სხდომის გამართვის ადგილი თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაა.

ამ ფონზე ჯგუფის წევრები ხელმძღვანელის შეცვლის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავენ.

"სხდომა არ ტარდება, რადგან ბატონი ბეჟაშვილი, რომელიც ჯგუფის ხელმძღვანელია პარლამენტის შენობაში მოსვალაზე უარს აცხადებს. ყურადღება უნდა გავამახვილო იმაზე, რომ მათი ეს ბოიკოტი უკვე დარღვეულია – გუშინ ბატონი ბობოხიძე მთელი დღე აქ იყო და სხვადასხვა სხდომებს ესწრებოდა. ბატონ ბარამიძეს არა აქვს პრობლემა უცხოელ დელეგაციებთან შეხვედრებს დაესწროს, მაგრამ, როგორც ჩანს, იქ, სადაც საქმეა საკეთებელი, არ მოდიან და სადაც თავია მოსაწონებელი და გამოსაჩენი, მოსვლის პრობლემა არა აქვთ. დღევანდელი სხდომა ვერ ტარდება, რადგან ასეთ დესტრუქციულ ქმედებას არ ველოდით, თუმცა შემდეგი სხდომისთვის კომისიის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ბუნებრივია, ბეჟაშვილს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობის პარალიზება მოახდინოს", - განაცხადა ჯგუფის წევრმა თინა ხიდაშელმა.

ბეჟაშვილის არყოფნის მიუხედავად, კომისიის წევრებმა სამუშაო შეხვედრა მაინც გამართეს და მომავალი შეხვედრის დღის წესრიგი დაგეგმეს.