ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართავს

ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი  ირაკლი ალასანია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართავს. აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანია ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბრისთვის არის დანიშნული და სწორედ ამ დროისთვის არის დაგეგმილია ირაკლი ალასანიას  ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, უშიშროების საბჭო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს და აქვს სურვილი, სხდომას დაესწროს. 

"უშიშროების საბჭოს სხდომის დრო იქნება გადასახედი, რადგან საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოში არ ვიქნებით. მე გერმანიაში მაქვს ვიზიტი, ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ განიხილოს დროის შეცვლის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა ფორმატი, მათ შორის უშიშროების საბჭოს ფორმატიც უნდა შედგეს იმ გამოწვევებზე სწორად საპასუხოდ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანმა,  ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი ირაკლი ალასანია უნდა ყოფილიყო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, 28 ოქტომბერს, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა საქართველოში არ იქნება.

"მე ვიცი, რომ თავდაცვის მინისტრი ალბათ არ იქნება ამ დროს საქართველოში", - განაცახდა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ალბათ, საჭიროა შეთანხმება იყოს უშიშროების საბჭოს წევრებთან, იმ პირებთან ვინც მუდმივი წევრები არიან.