რაზეც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, კონსტიტუციით, საბჭოს ფუნქციას არ წარმოადგენს

რაზეც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, კონსტიტუციით, საბჭოს ფუნქციას არ წარმოადგენს

საკითხი, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, მოქმედი კონსტიტუციის გათვალისწინებით , საბჭოს ფუნქციას არ წარმოადგენს, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა 28 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომასთან და მის დღის წესრიგთან დაკავშირებით.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთგვარი გაუგებრობა იქმნება, უშიშროების საბჭოს წევრებმა მოქმედი კონსტიტუციით, თუ "უშიშროების საბჭოს შესახებ" მოქმედი ორგანული კანონით უნდა იმოქმედონ. ამ კონტექსტში სესიაშვილმა კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

"ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები შედის, რაც კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. კონსტიტუციაში კი წერია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქცია თავდაცვის ორგანიზება და სამხედრო აღმშენებლობაა. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციები ყალიბდება "უშიშროების საბჭოს შესახებ" ორგანულ კანონში, ხოლო სხვა დანარჩენი ფუქციები, რაც უშიშროების საბჭოს აქამდე ჰქონდა მინიჭებული, სხვა კანონმდებლობაში გადავიდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, მას შემდეგ, რაც "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ამოქმედდება, იმ თემების განხილვის ადგილი, რაზეც საბჭოს სხდომაა მოწვეული, ეს ორგანო აღარ იქნება.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს, უშიშროების საბჭოს სხდომას მუდმივი წევრების გარდა ორი სახელმწიფო მინისტრი და 3 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრება. მისი განმარტებით, სხდომაზე მიწვეულია სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტიდან კი – საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები – თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.

28 ოქტომბერს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების საკითხთან დაკავშირებით მოიწვია.