"თავისუფალი საქართველო" ახალქალაქის მოსახლეობასთან ერთად "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავს

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველო" ახალქალაქის მოსახლეობასთან ერთად "ქართული ოცნების" ოფისის წინ საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც პარტიის ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, ოპოზიციისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, მათი აქტივისტების ნაწილს აპრილიდან გაზმომარაგება შეუწყვიტეს. კუკავას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მათ სემეკში გაასაჩივრეს და სემეკმა დააგინა, რომ გაზმომარაგება უნდა აღდგეს, თუმცა კომპანია არ ემორჩილება სემეკის ამ გადაწყვეტილებას.

"მსოფლიო დიქტატურის და ავტოკრატიის ისტორია იცნობს პოლიტიკური დევნის სხვადასხვა ფორმას, სამსახურიდან დათხოვნას, დაპატიმრებას და ა.შ. მაგრამ მოყინვა ეს არის "ქართული ოცნების" გამოგონება და ახალი ტექნოლოგია. გაზის კომპანია არ ემორჩილება სემეკის გადაწყვეტილებას, რადგან იღებს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ შეკვეთას სუს-ის ერთ-ერთ ხელიმძღვანელის კახა თოფურიასგან", - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აქციებს გააგრძელებენ.