იაპონურმა კორპორაცია

იაპონურმა კორპორაცია "მარუბენმა", შესაძლოა, საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს

მსხვილმა იაპონურმა კორპორაცია "მარუბენმა", შესაძლოა, საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტოკიოდან იუწყება, აღნიშნულის სურვილი კომპანიის ხელმძღვანელმა ტერო ასადიმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ შეხვედაზე გამოთქვა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა გაუცხადა, "მარუბენი" სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ტურიზმის სექტორებით დაინტერესდა.

"პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა უმსხვილესი იაპონური კომპანიების ხელმძღვანელობასთან. ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა"მარუბენის" პრეზიდენტთან, რომელმაც დაინტერესება გამოხატა რამდენიმე სფეროსთან დაკავშირებით, რომელშიც კომპანიამ, შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. მათ შორის ეს შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს, ენერგეტიკის სფეროს, ტურიზმის სფეროს და "მარუბენისთვის" ნაცნობ თემას - სპეციალური ეკონომიკური ზონის ფარგლებში პოტენციურ მონაწილეობას და აღნიშნული თემის განხილვას მომავალში საქართველოს მთავრობასთან. "მარუბენი" საკმაოდ აქტიურად არის დაინტერესებული საქართველოში ინვესტირებით. ამ კუთხით მისი წარმომადგენლები უკვე იყვნენ საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას ისევ გეგმავენ", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გარდა ამისა, ტოკიოში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბიზნესორგანიზაცია Keizal Doyukai-ს წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომელსაც დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ქართველი ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.

"ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა სხვა კომპანიების წარმომადგენლებთანაც – რამდენიმე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე გამოხატეს ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც ფიგურირებდა ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის თემა. ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს იაპონელ კოლეგებთან გარკველ საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკების წარმოების შესაძლებლობაც მიეცათ", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლის აზრით, უცხოელ ინვესტორებთან პრეზიდენტის შეხვედრები და უმაღლეს დონეზე ხაზგასმა იმის, რომ საქართველო მზადაა ქვეყანაში უცხოური კაპიტალის დაბანდებას კარი გაუღოს, "უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში დამატებით საინვესტიციო შესაძლებლობებს გააჩენს".