საქართველოში მყოფ უცხოელებს საბუთების მოწესრიგების ვადა 1 მარტამდე გაუგრძელდებათ

საქართველოში მყოფ უცხოელებს საბუთების მოწესრიგების ვადა 1 მარტამდე გაუგრძელდებათ

უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, ცვლილებების თანახმად, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საბუთების მოწესრიგების შესაძლებლობა 1 მარტამდე ექნებათ.

“ამ უცხოელებს საშუალება ექნებათ ისე რომ საკუთარ ქვეყანაში არ დაბრუნდნენ, აქვე შეცვალონ ვიზის კატეგორია, თუკი შესაბამისი საბუთები ექნებათ, აქვე იუსტიციის სახლში აიღონ შესაბამისი ბინადრობის ნებართვა ისე, რომ არ მოუწიოთ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება და შემდეგ თავიდან შემოსვლა საქართველოში. ჩვენ ასევე დავამტკიცეთ ცვლილება, რომლის თანახმადაც, ყველა, ინგილო იქნება თუ სხვა ჩვენი ქვეყნის შვილი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, თანამემამულის სტატუსის ქონის შემთხვევაში შესაბამისი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით მიმართონ სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე რომ რაღაც ვადის შემდეგ თავის ქვეყანაში წასვლა და უკან დაბრუნება არ მოუწიოთ. ეს შეღავათები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა 1 მარტამდე მოაწესრიგონ საბუთები ისე, რომ არ დაზიანდეს ევროკავშირთან ჩვენი ვიზალიბერალიზაცია”,-განაცხადა წულუკიანმა

რაც შეეხება საზღვარზე ვიზის აღების შესაძლებლობას და ტურისტებისთვის შეღავათების დაწესებას, წულუკიანმა აღნიშნა, რომ საზღვარზე ვიზის აღების მხრივ არაფერი იცვლება, ტურისტებს კი საშუალება აქვთ საქართველოში 90 დღით უვიზოდ შემოვიდნენ.