მისაღებია, რომ სოფელ მოხეში სადავო შენობაში ბიბლიოთეკა განთავსდეს

მისაღებია, რომ სოფელ მოხეში სადავო შენობაში ბიბლიოთეკა განთავსდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მისაღებია, რომ ადიგენში, სოფელ მოხეში სადავო შენობაში ბიბლიოთეკა განთავსდეს, ხოლო იმ საკითხის შესწავლას, თუ რა იყო იქ ადრე, ზაქარეიშვილის თქმით, ღრმა შესწავლა სჭირდება, - ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"პირველ რიგში უნდა დაიგმოს ნებისმიერი ფორმით ძალადობა. იქ, სადაც არის ძალადობა საქმე ვერ კეთდება და გამორიცხულია მოძალადეს ვინმემ მოუსმინოს, მითუმეტეს, როდესაც ძალადობა ხორციელდება პოლიციის, ანუ სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე არა მგონია, რომ ჩვენს ხელისუფლებაში დღეს ისეთი პირობები იყოს, რომ შეუძლებელი იყოს ნებისმიერი საკითხის მოგვარება მოლაპარაკებებით და მშვიდობიანი ფორმით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, მას კონკრეტული ინფორმაცია არა აქვს ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე გარდა იმისა, რაც გავრცელდა საჯაროდ, ვინაიდან აღნიშნულ საკითხებზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მუშაობს.

"ჩემთვის როგორც ცნობილია, ამ სააგენტოსთვის არ მიუმართავთ, ანუ ჩართული არ იყო ის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ევალება ასეთ დროს შეისწავლოს ვითარება. მე ვოპერირებ მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც არის საჯარო. შემიძლია ვთქვა, რომ არის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი საკითხი, ამიტომ საჭიროა მოლაპარაკება და მუშაობა ამ თემაზე. ჩემთვის მისაღებია გუბერნატორის განცხადება, რომ ეს შენობა იქნება ბიბლიოთეკა, კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი, ხოლო ადრე რა იყო ამას სჭირდება ღრმა შესწავლა, რადგან ქრისტიანი მოსახლეობა ამბობს ერთს, მუსლიმი კი მეორეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გუშინ დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმებმა ერთ-ერთი შენობის დემონტაჟი გააპროტესტეს, სადაც, მათივე თქმით, ადრე მეჩეთი იყო. პოლიციამ დაპირისპირების დროს 14 ადამიანი დააკავა. ადგილობრივი ხელისუფლება შენობაში მეჩეთის ფუნქციონირებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული შენობის განახლების შემდეგ იქ ბიბლიოთეკა განთავსდება.

დღესვე, ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად მუსლიმმა ოჯახებმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს.