უშიშროების საბჭოს სხდომის დროს საბჭოს წევრთა უმრავლესობა საქართველოში არ იქნება

უშიშროების საბჭოს სხდომის დროს საბჭოს წევრთა უმრავლესობა საქართველოში არ იქნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, როგორც მისთვის არის ცნობილი , 28 ოქტომბერს, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა საქართველოში არ იქნება.

ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"მე ვიცი, რომ თავდაცვის მინისტრი ალბათ არ იქნება ამ დროს საქართველოში", - განაცახდა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ალბათ, საჭიროა შეთანხმება იყოს უშიშროების საბჭოს წევრებთან, იმ პირებთან ვინც მუდმივი წევრები არიან.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 28 ოქტომბერს, უშიშროების საბჭოს სხდომას მუდმივი წევრების გარდა ორი სახელმწიფო მინისტრი და 3 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრება. მისი განმარტებით, სხდომაზე მიწვეულია სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტიდან კი – საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები – თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.

სხდომაზე მიწვეულია გენერალური შტაბის უფროსიც.

იმერლიშვილის განმარტებით, სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ და საბჭოს წევრებს განსახილველ საკითხზე ინფორმაციას მიაწვდიან პაატა ზაქარეიშვილი და ირაკლი ალასანია.