აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, აშშ-მ და კანადამ ტერორიზმის წინააღმდეგ სინქრონულად უნდა იმოქმედონ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კანადის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, ბარაქ ობამასა და სტივენ ჰარპერს შორის სატელეფონო საუბარი ოტავაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად გაიმართა.
"ისევე, როგორც ყოველთვის, პირობას ვდებ, რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდები მჭიდროდ და კოორდინირებულად ითანამშრომლებენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ კანადა ჩვენი ერთ-ერთი მჭიდრო მოკავშირეა მსოფლიოში, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ ახლო მეზობლები და მეგობრები ვართ", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც საუბარია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, კანადამ და აშშ-მ სინქრონულად უნდა იმოქმედონ.
"ასე იყო წარსულში და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კანადის პარლამენტმა ოქტომბრის დასაწყისში მხარი დაუჭირა ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაშეტევებში მონაწილეობას.
გუშინ ოტავაში, უცნობმა პირმა პარლამენტის შენობასთან ახლოს, ეროვნულ სამხედრო მემორიალთან ცეცხლი გახსნა, რომელსაც საპატიო ყარაულის ჯარისკაცი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაიჭრა. პირველი გასროლიდან რამდენიმე წუთში თავდასხმა მოხდა პარლამენტის კომპლექსის ერთ-ერთ შენობასა და სავაჭრო ცენტრში. სროლის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სტივენ ჰარპერი პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა მას შენობა დაატოვებინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ შეძლო თავდამსხმელის ლიკვიდაცია. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი სავარაუდოდ, მაიკლ ზეჰაფ-ბიბო იყო, რომელსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი.