იუსტიციის მინისტრის განცხადებით, როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას ვერ იშლის, რასაც წარსულში აკეთებდა.
წულუკიანის შეფასებით, ეს სავალალოა და ამ მხრივ ის პირადად უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალიან მკაცრ განცხადებას ელოდება.
„არის თუ არა აკაკი მინაშვილის მიერ მიწერილი ტექსტი მოსამართლეზე ზეწოლა, ეს დამოუკიდებულია იმაზე, თუ რა ეწერა ამ ტექსტში, ამას შესწავლა სჭირდება. ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იშლის მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა, რა თქმა უნდა, სავალალოა. ამ მხრივ, ველოდები პირადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალიან მკაცრ განცხადებას, რაც იმას დაამტკიცებდა, რომ ის საკუთარი პარტიის წევრებსაც აკრიტიკებს, როდესაც მოსამართლზე საუბრობენ“, - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა აკაკი მინაშვილმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს ბაჩო ახალაიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა.
მოგვიანებით, მომხდარს თვითონ მინაშვილი გამოეხმაურა და შეტყობინების შინაარსი გაასაჯაროვა: "ვისაც გინდა, ანახე ეს გზავნილი - მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი ყველას - მონა ხარ!"