უშიშროების საბჭოს სხდომას სახელმწიფო მინისტრები და კომიტეტების თავმჯდომარეებიც დაესწრებიან

უშიშროების საბჭოს სხდომას სახელმწიფო მინისტრები და კომიტეტების თავმჯდომარეებიც დაესწრებიან

28 ოქტომბერს, უშიშროების საბჭოს სხდომას მუდმივი წევრების გარდა ორი სახელმწიფო მინისტრი და 3 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტოკიოში, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, სხდომაზე მიწვეულია სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტიდან კი – საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები – თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.

სხდომაზე მიწვეულია გენერალური შტაბის უფროსიც.

იმერლიშვილის განმარტებით, სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ და საბჭოს წევრებს განსახილველ საკითხზე ინფორმაციას მიაწვდიან პაატა ზაქარეიშვილი და ირაკლი ალასანია.

"იმ დაანონსებული ხელშეკრულების ფონზე, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოსალოდნელია რომ გაფორმდეს და რომელიც არის აფხაზეთის ანექსიის მცდელობა, პრეზიდენტმა, როგორც ტერიტორული მთლიანობის გარანტმა მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. სხდომაზე საუბარი იქნება თავდაცვის ღონისძიებების ერთობლივად, კოორდინირებულად დაგეგმვაზე. სხდომა გაიმართება სახელმწიფო კანცელარიაში, უშიშროების სბაჭოს აპარატის სათათბირო ოთახში", - განაცხადა იმერლიშვილმა.

შეკითხვაზე, დაესწრება თუ არა სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ სხდომის თაობაზე ინფორმაცია საბჭოს ყველა მუდმივმოქმედ წევრს გადაეგზავნა.

"პრემიერი არის საბჭოს მუდმივი წევრი. როგორც კი პრეზიდენტმა სხდომა დაანონსა, ყველა მუდმივ წევრს და ასევე მოწვეულ სტუმარს, მე გადავუგზავნე ოფიციალური წერილი, სადაც მითითებული იყო სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი", - აღნიშნა იმერლიშვილმა.