"უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. საუბარია კანონზე, რომელიც პარლამენტმა მარტში მიიღო და ძალაში პირველ სექტემბერს შევიდა.
აღნიშნულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე "ინტერპრესნიუსს" მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესაუბრა.
"კანონის მიღებისას დაწესდა ვადა, რომ პირველ სექტემბრამდე პირებს, რომელთაც შესაძლოა გასვლოდათ ვიზის ვადა ან ბინადრობის ვადა ჰქონოდათ დრო მიეღოთ სათანადო ზომები. ბევრმა ზომები არ მიიღო და აღმოჩნდა საკმაოდ რთულ ვითარებაში. იმისათვის, რომ ამ პირების მდგომარეობა იყოს გათვალისწინებული, პროექტით დგინდება, რომ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოში, ისე რომ პირს საქართველოდან თავის ქვეყანაში წასვლა არ მოუხდეს, იქ პროცედურების გავლა საქართველოს საელჩოში და კვლავ უკან დაბრუნება. მათ შესაძლებლობა ექნებათ ეს გააკეთონ აქ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ანალოგიურად, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში ბინადრობის მოწმობა შეუძლია აიღონ იმ პირებმა, რომელთაც სურთ ბინადრობის მოწმობის ვადის გაგრძელება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ალექსანდრე ბარამიძემ.
მომზადებული ცვლილებების გათვალისწინებით უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე გავრცელდება სპეციალური ბინადრობის ნებართვა და როგორც ბარამიძე განმარტავს, ისინი აღნიშნულ დოკუმენტს ადვილად მოიპოვებენ.