ქართველები ყოველთვის ცხოვრობდნენ მათი ერთ-ერთი ანდაზის შესაბამისად, რომ „სტუმარი ღვთისაა

ქართველები ყოველთვის ცხოვრობდნენ მათი ერთ-ერთი ანდაზის შესაბამისად, რომ „სტუმარი ღვთისაა"

ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის განცხადებით, ებრაელთა გენოციდის (ჰოლოკოსტის), კაცობრიობის ისტორიის ყველაზე შავბნელი პერიოდის წლებში, უამრავმა ებრაელმა იპოვნა უსაფრთხო თავშესაფარი საქართველოში.

"მას შემდეგ, რაც ჩვენი წინაპრები გადაასახლეს ისრაელის მიწიდან, ებრაელები მთელს მსოფლიოში გაიფანტნენ. იმ დროიდან მრავალმა საუკუნემ განვლო და ჩვენმა ხალხმა იწვნია ტრიუმფისა და ტრაგედიის წუთები. ხშირად ადგილობრივი მმართველების დესპოტური ახირებების გამო, მათ აყრასა და საკუთარი კერის დატოვებას აიძულებდნენ. ბევრს გაცილებით უარესი ტანჯვა - ხოცვა-ჟლეტა და განადგურება ხვდა წილად.

თუმცა, ამ მძიმე ისტორიისაგან განსხვავებით, ებრაელთა საქართველოში არსებობის გამოცდილება კაშკაშა ვარსკვლავივით გამოკრთის. ჩვენ ვიცხოვრეთ ქართველთა შორის ორი ათას ექვსასი წლის მანძილზე, ვიზიარებდით რა ამ კურთხეული მიწისა და მისი არაჩვეულებრივი ხალხის ბედს. და მართლაც, სხვა საზოგადოების არც ერთ დიასპორაში არ გვიგვრძნია თავი ასე ბუნებრივად და თავისუფლად ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ქართველები და ებრაელები მათი საერთო ისტორიის მთელს მანძილზე და-ძმებივით ცხოვრობდნენ. ამბობენ, რომ ებრაელები არასასურველი გარემოს პირველი გაფრთხილების მიმწოდებლებს წარმოადგენენ, თუმცა ძალზე ცოტა გარემო არსებობს ისეთი სუფთა ჰაერით, როგორიც საქართველოშია, სადაც ებრაელებს შეეძლოთ ეცხოვრათ ღირსეულად და თაყვანი ეცათ ჩვენი საერთო ღმერთისათვის 2,600 წლის განმავლობაში“, - აცხადებს ლაუდერი.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომაც არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობენ ქართველი ებრაელები - საქართველოში, ისრაელში, შეერთებულ შტატებსა, თუ სადმე სხვაგან - მათ კვლავაც უყვართ ეს ქვეყანა, მისი ხალხი და აქ საკუთარ სახლში გრძნობენ თავს. ქართველები ყოველთვის ცხოვრობდნენ მათი ერთ-ერთი ანდაზის შესაბამისად, რომ „სტუმარი ღვთისაა".

„არსებობს საქართველოზე ბევრად უფრო დიდი, ძლიერი და მდიდარი ქვეყნები, მაგრამ არც ერთი არ არის მასსავით თბილი და სტუმართმოყვარე.

მას შემდეგ, რაც საქართველომ აღადგინა საკუთარი დამოუკიდებლობა და განთავისუფლდა საბჭოთა კომუნიზმის ბორკილებისაგან, ის გამუდმებით გამოხატავდა თავის მეგობრობასა და თბილ გრძნობებს ისრაელის სახელმწიფოს მიმართ და ამ ორ ქვეყანას დღესაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან. ეს შესანიშნავი კავშირები მრავალმხრივ ვლინდება, განსაკუთრებით კი, კულტურულ და კომერციულ სფეროებში", - აცხადებს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი.