ადიგენის მუნუციპალიტეტის სოფელ მოხეს სკოლაში, 200 მოსწავლიდან, დღეს მხოლოდ 20 მოსწავლე მივიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ მოხედან აცნობეს, მუსლიმი მოსახლოების უმრავლესობამ ბავშვები სკოლაში არ გაუშვა და სოფელში მეჩეთთან დაკავშირებით გუშინ განვითარებული მოვლენეები ამ ფორმით გააპროტესტა.
ამასთან, როგორც ადიგენში მცხოვრებმა ოთარ გორგაძემ აღნიშნა, მთელი ღამის განმავლობაში ახალციხის პოლიციეს სამმართველოსთან, სადაც 14 დაკავებული იმყოფება, მოსახლეობა იყო შეკრებილი.
"მთელი ღამის განმავლობაში ვიდექით ახალციხის სამმართველოსთან და ახლაც აქ ვართ. ყურადღებას არავინ გვაქცევს, მაგრამ აქ ვიქნებით, სანამ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას. პროტესტის ნიშნად, ბავშვები სკოლაში არ მისულან, სანამ ამ უდანაშაულო ხალხს არ გამოუშვებენ, სასწავლო პროცესი ჩაშლილი იქნება", - აღნიშნა ოთარ გორგაძემ.
გუშინ სოფელ მოხეში დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტება, რომელშიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა გაკეთდება.
სამართალდამცველებსა და მოხეს მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 14 ადამიანი დააკავეს. ისინი პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილი.