კანადის პრემიერი - პარლამენტის შენობაზე მომხდარი თავდასხმით კანადას ვერ შეაშინებენ

კანადის პრემიერი - პარლამენტის შენობაზე მომხდარი თავდასხმით კანადას ვერ შეაშინებენ

კანადის პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის განცხადებით, ოტავაში, პარლამენტის შენობაზე მომხდარი თავდასხმით კანადას ვერ შეაშინებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. 
კანადის პრემიერის განცხადებით, ქვეყანა გააორმაგებს ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას. 

"ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. კანადას ამით ვერასდროს შეაშინებენ. სინამდვილეში ჩვენ გავაძლიერებთ და გავაორმაგებთ ძალისხმევას, რომ გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი, გავუმკლავდეთ საფრთხეებს და უზრუნველვყოთ კანადის უსაფრთხოება", - განაცხადა სტივენ ჰარპერმა მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს.
 

კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, კანადელ სამხედროებზე თავდასხმის ორგანიზატორები მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან. 

"ბიბისის" ცნობით, ოტავაში უცნობმა პირმა პარლამენტის შენობასთან ახლოს, ეროვნულ სამხედრო მემორიალთან ცეცხლი გახსნა, რომელსაც საპატიო ყარაულის ჯარისკაცი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაიჭრა. პირველი გასროლიდან რამდენიმე წუთში თავდასხმა მოხდა პარლამენტის კომპლექსის ერთ-ერთ შენობასა და სავაჭრო ცენტრში. სროლის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა მას შენობა დაატოვებინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ შეძლო თავდამსხმელის ლიკვიდაცია. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი სავარაუდოდ მაიკლ ზეჰაფ-ბიბო იყო.