ირაკლი ღარიბაშვილი - მოვუწოდებ ქრისტიანებს და მუსლიმებს, თქვენ ხართ თანასწორნი და ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ კანონს

ირაკლი ღარიბაშვილი - მოვუწოდებ ქრისტიანებს და მუსლიმებს, თქვენ ხართ თანასწორნი და ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ კანონს

კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია და რელიგიურ აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც ადიგენის რაიონში გუშინ განვითარებელ მოვლენებს გამოეხმაურა. პრემიერის შეფასებით, დასაგმობი და მიუღებელია, რაც გუშინ მოხდა.

"მინდა გამოვეხმაურო ადიგენის რაიონში გუშინ განვითარებელ მოვლენებს. გავერკვიე ამ საკითხში და მითხრეს, რომ ამ საკითხს საკმაოდ ვრცელი ისტორია აქვს. სოფელში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ ამ ადგილზე ადრე იყო ეკლესია, რომელიც დაანგრიეს და ნანგრევებით ააშენეს მუსლიმების სამლოცველო - მეჩეთი. შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის პერიოდში ის იყო კულტურის სახლი და დღემდე იყო უსარგებლო შენობა, ნანგრევები, რომლისთვისაც ყურდაღება არ მიუქცევიათ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გამგეობამ გამოაცხადა კონკურსი იმის თაობაზე, რომ ამ ადგილზე მოეწყობოდა ბიბლიოთეკა, რომლითაც ისარგებლებდნენ სოფელში მცხოვრები როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები და მოეწყობოდა კარგი კულტურული დაწესებულება, რათა თავიდან აგვერიდებინა კონფლიქტი, ვინაიდან ერთი მხრივ ქრისტიანები აცხადებდნენ, რომ აქ იყო ისტორიულად ეკლესია, ხოლო მუსლიმები ამბობდნენ, რომ აქ იყო მეჩეთი. გასულ საუკუნეში იქ იყო კულტურის სახლი და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ იქ ყოფილიყო ბიბლიოთეკა", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა მსგავსი საკითხი ჯერ რელიგიის საკითხთა სააგენტომ უნდა შეისწავლოს, რომელიც შემდგომში მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს.

"ვადასტურებ, რომ ადგილობრივი მუსლიმების თხოვნა სამცხე-ჯავახეთის მუფთმა გადმომცა, რომ ეს საკითხი კიდევ ერთხელ განგვეხილა. მინდა, ყველა რელიგიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ჩვენ შევქმენით რელიგიის საკითხთა სააგენტო დაახლოებით ასეთი საკითხების შესწავლის მიზნით. ყველა ასეთი საკითხი ჯერ უნდა შეისწავლოს რელიგიის საკითხთა სააგენტომ, რომელიც შემდგომში რეკომენდაციით მიმართავს მთავრობას. მსგავსი რამ არ მომხდარა. ვესაუბრე გუბერნატორს, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია რეგიონის მუფთთან და ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მუფთისთვის აშენდებოდა სახელმწიფო სახსრებით პატარა ზომის რეზიდენცია, რადგან მთავარი მოთხოვნა იყო მუფთის რეზიდენცია. სოფელში უკვე არსებობს მეჩეთი და მუსულმანებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ, შესაბამისად, ვფიქრობ, ეს იყო ნორმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი. რაც გუშინ ვიხილეთ, სამწუხაროა, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ეს მიუღებელია, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია და რელიგიურ აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა რომ საკითხი დღის ბოლომდე მოგვარდება.

"რა თქმა უნდა, დასაგმობი და მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ, იგივე პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით. ყველა მოქალაქე კანონთან თანასწორია. მქონდა საუბარი გუბერნატორთან, რომელმაც მითხრა, რომ ამ საკითხს ადგილობრივ მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ გაარკვევს და იმედი მაქვს, ეს საკითხი დღის ბოლომდე მოგვარდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იქნება ეს ქრისტიანი თუ მუსულმანი მოსახლეობა - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თქვენ ხართ თანასწორნი და ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ კანონს. სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული მაქსიმალურად და თქვენი უფლებების შელახვის უფლებას არავის მისცემს. მოგიწოდებთ სიმშვიდისა და გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გუშინ, სოფელ მოხეში დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტება, რომელშიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აცხადებს, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა გაკეთდება.