იუვალ ფუქსი - საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტი სახელმწიფო

იუვალ ფუქსი - საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტი სახელმწიფო

საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტი სახელმწიფო და არასოდეს ებრაელებს ანტისემიტიზმი არ განუცდიათ საქართველოში, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა გუშინ საპატრიარქოში სტუმრობისას განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში, ებრაულ დელეგაციას უმასპინძლა. 

იუვალ ფუქსის თქმით, ცნობილია, თუ რა დიდი ისტორიული როლი მიუძღვის ქართულ ეკლესიას მთელი საუკუნეების განმავლობაში, ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობის, მეგობრობის განმტკიცებაში. მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში მესამე სახელმწიფო იყო, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მეოთხე საუკუნეში იერუსალიმში, ქალაქის ცენტრის ირგვლივ დაახლოებით ათი ქართული მონასტერი არსებობდა. იუვალ ფუქსმა 2012 წელს ისრაელში საქართველოს პატრიარქის ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ცნობილია, პატრიარქი ისრაელში როგორ უყვართ. 

"რელიგიებს შორის ურთიერთობას ვიცით რამხელა მნიშვნელობა აქვს. საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტული სახელმწიფო და არასოდეს ებრაელებს ანტისემიტიზმი არ განუცდიათ საქართველოში. თქვენო უწმინდესობავ, ძალიან დიდი როლი გაქვთ ამ ურთიერთობაში", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

ისრაელის ელჩმა საქართველოში ჩამოსულ მის მეგობრებს უთხრა, რომ ყოველ წელს მისი უწმინდესობა ელჩს ხანუქის სანთლებს ურიგებს. "მინდა დაგლოცოთ და გისურვოთ ჯანმრთელობა. მე მსურს დავლოცო საქართველო, დავლოცო ჩვენი ორი ერი და ვუსურვო მშვიდობა, ეკონომიკური სიძლიერე, ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა. მან პატრიარქს მადლობა გადაუხადა მიღებისა და დროის დათმობისთვის.

ელჩთან ერთად საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის პარლამენტის წევრები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს ებრაელთა რაბინები.