პრეზიდენტს აქვს უკიდურესად სიმბოლური და მნიშვნელოვანი დატვირთვა და მისი პოზიცია ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა. ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დეპუტატ ეკა ბესელიას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი სახელისუფლებო შტო არ არის და მას სიმბოლური დატვირთვა გააჩნია.
როგორც ამასთან დაკავშირებით წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ხელისუფლების სამი შტო და პრეზიდენტი, როგორც გამაერთიანებელი და გარანტი იმისა, რომ შტოებს შორის ურთიერთობა იყოს ნორმალური.
"ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სადაც დემოკრატიული სისტემა არსებობს, არის სამი სახელისუფლებო შტო. აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო. საკანონმდებლო ხელისუფლებას დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, სასამართლო ხელისუფლებას ჯერ კიდევ კონსტანტინე კუბლაშვილი, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია ირაკლი ღარიბაშვილი. რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენი კონსტიტუციით, ის არის გარანტი იმისა, რომ სამი შტო ერთმანეთთან ეფექტიანად იურთიერთებს. ის არის გამაერთიანებელი და გარანტი ტერიტორიული მთლიანობისა. დიახ, პრეზიდენტს აქვს უკიდურესად სიმბოლური და მნიშვნელოვანი დატვირთვა, მისი პოზიცია არის ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.