კონსტიტუციური მართვის მოდელი 2023 წლამდე ვერ შეიცვლება

კონსტიტუციური მართვის მოდელი 2023 წლამდე ვერ შეიცვლება

იურისტ ლევან ალაფიშვილის აზრით, კონსტიტუციური მართვის მოდელი 2023 წლამდე ვერ შეიცვლება. ამის მიზეზად ალაფიშვილი საარჩევნო კალენდარსა და კონსტიტუციური ცვლილებებისთვის აუცილებელ კვორუმს ასახელებს.

"ჯერჯერობით საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებშიც კი არ არიან ჩამოყალიბებული, რაზე მუშაობს ეს კომისია – ცვლილებებზე თუ ახალ კონსტიტუციაციაზე. ასე, რომ პოლიტიკოსების ნებისმიერი მსჯელობა ამ საკითხზე მხოლოდ სუბიექტური იქნება. რა უნდა იყოს მომავალში, ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ დღევანდელ კონსტიტუციაში, ერთადერთ ჩანაწერში, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების კვორუმს განსაზღვრავს. მხედველობაში მაქვს ¾-იანი კვორუმი და ამის შემდეგ უკვე კალენდარს უნდა მივმართოთ - 2016, 2017, 2018 წლები საარჩევნო წლებია. 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებია, 2017 წელს – თვითმმართველობის, 2018-ში - საპრეზიდენტო. როგორც მინიმუმ ამ პერიოდების განმავლობაში და თუკი კვორუმსაც გავითვალისწინებთ, თვისობრივად ახალი მმართველობითი მოდელი ჩემთვის განჭვრეტადი არ არის. კალენდარს თუ გადავხედავთ, 2023 წლამდე არ მგონია, რომ რეალური იყოს მმართველობის მოდელის ცვლილებაზე საუბარი. როგორც მინიმუმ, ახლად არჩეული ინსტიტუციები აირჩევა იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რაც იმ მომენტისთვის იქნება მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული. თუკი ეს ასეა, მაშინ მთლიანად კონსტიტუციური მართვის მოდელი ვერ შეიცვლება 2023 წლამდე", - განაცხადა ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, სანამ იმაზე ვიმსჯელებთ, როგორი მმართველობის მოდელი იქნება, სჯობს იმაზე ვიმსჯელოთ, სად ვართ დღეს და არის თუ არა ეს მოდელი რომელიმე სხვა ქვეყნის ანალოგიის მოდელი, რომლის პრაქტიკის გადმოღებაც შესაძლებელია. ალაფიშვილის თქმით, დღეს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ახალ საკონსტიტუციო სისტემას შეეხებოდა, აღინიშნა, რომ საქართველოს მოდელს ანალოგი არ აქვს.

"ამ შეხვედრაზე მიგვითითეს ჩვენმა მეგობრებმა, საერთაშორისო, ავტორიტეტულმა ექსპერტებმა, რომ მართვის ქართულ მოდელს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს არის მოცემულობა და ამ ჩარჩოში ყველამ უნდა მოძებნოს ის საკითხები, რომელიც საერთოა ყველასთვის და ყოველგვარი დავის გარეშე გადაწყვიტოს, მითუმეტეს საჯარო დისკუსიის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მცდელობა, ახალი კანონპროექტის ინიცირების, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, იქნება მცდელობა ინსტიტუციების უფლებრივი სეპარაციისკენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩიხისკენ და კონფლიქტისკენ მიდის. იმიტომ, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოდელი, ეს არის იძულება თანამშრომლობაზე. ყველა ინსტიტუცია ვალდებულია, სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ითანამშრომლოს, ვინაიდან ცალკე უპირობო, ერთადერთი და ექსკლუზიური უფლებამოსილებით არც ერთი მათგანი არ სარგებლობს", - განაცხადა ლევან ალაფიშილმა.