საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სასტუმრო „თბილისი მერიოტში" - ,,საქართველოს ახალი კონსტიტუციური სისტემის შესახებ," კონფერენცია გახსნა.
კონფერენცია, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ტიპის განხილვები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.
„დღეს ჩვენ ნაკლებად ვსაუბრობთ მომავალი ცვლილებების დეტალებზე, რომელზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს. ეს არის ის პროცესი, რითაც უნდა დამკვიდრდეს კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში. კონსტიტუციური საკითხების განხილვისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსტიტუციის იმპლემენტაციას სჭირდება ინსტიტუტების გამართული მუშაობა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა ერთი პირის პოლიტიკური ნება-სურვილიდან გამომდინარე. „ნაბიჯი საპარლამენტო მმართველობისკენ გადადგმული იყო იმიტომ, რომ გაძლიერებულიყო პრემიერ-მინისტრის როლი ერთი კონკრეტული ადამიანის მომავლის უზრუნველსაყოფად. რამაც დიდი დაღი დაასვა, მოდელს, რისთვისაც საჭიროა განსჯა, კომპრომისების მოძებნა. ვფიქრობ, ამისთვის არანაირი გადაულახავი წინააღმდეგობები არ არსებობს, თუმცა, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, დღის განმავლობაში ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, ჩვენი გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით, რომლებიც ძალიან გამოცდილნი არიან, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საკითხებში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.