რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხი რუსეთის მხრიდან რამდენჯერმე მსუბუქად წამოიჭრა.
"ითქვა, ხომ არ აპირებთ ეს თემა სომხებთან და აფხაზებთან განიხილოთ. ჩვენი პასუხი ასეთია, რომ ეს იყო და არის საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, აფხაზებთან ჩვენ ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებთ, ხოლო თუ თქვენი სურვილი, დაინტერესება და ინიციატივა იქნება, ყურადღებით მოგისმენთ და ვნახოთ როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება, რადგან ეს მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის და დაკავშირებულია სერიოზულ პოლიტიკურ საკითხთან. ამის იქეთ საუბარი არ წასულა. იგივე მოხდა ბოლო შეხვედრაზეც", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძეს დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე მოუსმინეს. საუბრის მთავარი თემა პრაღაში, გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებები იყო.