გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი რუსეთთან ტვირთბრუნვის მიზნით ცხინვალის მიმართულების გზის გამოყენებაზე საუბრობს.
ვახტანგაშვილმა, პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს მოუსმინეს, ტვირთბრუნვისათვის ცხივნალის გზის გამოყენების საკითხზე მას შემდეგ გაამახვილა ყურადღება, რაც ლარსზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად წარმოქნილ პრობლემებზე ისაუბრეს.
"ლარსთან დაკავშირებით ბრძანეთ, რომ ტვირთების გადაზიდვა გარკვეულ პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მდგარადობის თვალსაზრისით ეს გზა საიმედო არ არის და ზაფხულის პერიოდში ორჯერ დაზიანდა. ხომ არ იქნებოდა საინტერესო ჩვენთვის და რუსეთის მხარისთვის, ნაცვლად იმ 500-მილიონიანი გვირაბების აგებასა, გამოვიყენოთ ცხინვალის მიმართულების გზა, რომელიც კონფლიქტამდე საკმაოდ აპრობირებული იყო. ამ შემთხვევაში დაიტერესება ექნებოდათ არა მხოლოდ ქართველ გადამზიდავებს, თუკი ლარსი თავისი მდგარდობით გამორჩეული არ არის, განსაკუთრებით - სომხეთს. ხომ არ გვეფიქრა ამ მიმართულებით – ეს მართლა საინტერესო იქნებოდა. ჩვენთვის ნამდვილად საინტერესო იქნებოდა", – განაცხადა ვახტანგაშვილმა.
დეპუტატის პასუხად ზურაბ აბაშიძემ განმარტა, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება საოკუპაციო ხაზის ლეგალიზებას ნიშნავს.
"შეიძლება ამაზე იფიქრო. გვაქვს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და შეიძლება კანონში რაღაც შეიცვალოს, მაგრამ თუ ტვირთებს იქეთა მხარეს ცხინვალის რეგიონის ხელისუფლების მებაჟე, მესაზღვრე დახვდება და მას ბეჭედს დაარტყამს, ამით ჩვენ საზღვრის ლეგალიზებას დავიწყებთ. ჩვენ თავად მოვახდენთ საზღვრის ლეგალიზებას. აქამდე მას საოკუპაციო ხაზს ვუძახდით და, თუ საოკუპაციო ხაზზე დგას მებაჟე, მესაზღვრე, შენი ტვირთები მიდის და ვერაფერში პრობლემას ვერ ხედავ, აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. თუ შევთანხმდებით, რომ ტვირთები გაივლის ისე, რომ აქ დაილუქება და რუსეთის საზღვარზე გაიხსნება... მაგრამ ამაზე არ მოდიან. პირიქით, ეს უფრო გართულების გზით მიდის. თურქული ტვირთებისათვის აფხაზეთის სანაპიროზე გასეირნებას რა ჯობია – სად არწივის ბუდეზე ყაზბეგში აძრომა და სად აფხაზეთის სანაპიროთი გასეირნება – კარგია, მშვენიერია, ტვირთებიც უფრო იმატებს, მაგრამ დახვდება მას მესაზვრე, მებაჟე და სახელწიფო და საზღვარი სხვა კი არაფერია", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.