ძალადობის წინააღმდეგ პოლიცია უფრო პროაქტიური უნდა გახდეს

ძალადობის წინააღმდეგ პოლიცია უფრო პროაქტიური უნდა გახდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრით და სამუშაო პროცესით კმაყოფილია.

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, გადაწყდა, რომ ძალადობასთან ბრძოლა, არა რომელიმე ერთი უწყების საქმე იქნება, არამედ ეს იქნება სამთავრობო პრიორიტეტი. მისივე თქმით, გადაწყდა, რომ ძალადობასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საბჭომ იმუშაოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

"ეს რა თქმა უნდა, მოიცავს სხვა საკითხებს შორის ოჯახში ძალადობასაც, იქნება ეს კაცის მიერ ქალზე განხორციელებული ძალადობა ოჯახში თუ რომელმე მშობლის მიერ შვილის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა. ოჯახში ძალადობის ფაქტები ძალადობის წინააღმდეგ უწყებათაშორის საბჭოს მუშაობის თემა იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ამ პროცესს პრემიერი უხელმძღვანელებს და სამთავრობო პრიორიტეტად იქცევა, რაც მისასალმებელია, რადგან ამით დონე მაღლდება და მაღლდება ყურადღება, რომელიც მთავრობის მხრიდან ამ საკითხს მიექცევა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღესვე გადაწყდა, რომ ხსვადასხვა უწყებებმა თავისი ხედვა წარმოადგინონ. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, განათლების სამინისტრომ სკოლებში უფრო მეტი ცოდნის შეტანის გზით უნდა იაქტიუროს.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მასსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის შედგა დისკუსია, რომ სოციალური მუშაკების პროფესია უნდა განვითარდეს და იქ სადაც, ოჯახში წყვილს შორის ურთიერთობაში პოლიცია ვერ ჩაერევა, სოცმუშაკმა შეასრულოს ეს როლი.

"გადაწყდა, რომ პოლიცია გახდეს უფრო პროაქტიური, რადგან როგორც ყველა დამსწრე პირის მიერ აღინიშნა, უბნის ინსპექტორმა ზეპირად იცის, რომელ ოჯახში რა პრობლემებია ძალადობის მხრივ, როდესაც ოჯახიდან გამოდის ცემის ხმა, იქ რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა იყოს უფრო აქტიური. ეს არის ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დღევანდელი შეხვედრის შედეგად პრიორიტეტად იქცა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თვის ბოლომდე შედგება უფრო დიდი შეხვედრა ძალადობის წინააღმდეგ, სადაც მთავრობის ადმინისტრაცია მინისტრების მონაწილეობით, წარადგენენ სამოქმედო გეგმას, თუ ვინ რა როლი უნდა შეასრულოს ამ პროცესში. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მხოლოდ მთავრობა ვერაფერს იზამს და ამ პროცესში უნდა ჩართული პარლამენტი, სასამართლო, სამოქალაქო საზოგადოება და ეკლესია.