დარწმუნებული ვარ, ოჯახში ძალადობის შემთხვევა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ ვიცით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის, ოჯახურ ძალადობის საკითხზე იმუშავებს.
მისივე თქმით, ძალადობის მსხვერპლი სამართალდამცავებს უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს.
"დარწმუნებული ვარ, ოჯახში ძალადობის შემთხვევა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ ვიცით. ეს შეიძლება ბევრ ოჯახში ხდება, მაგრამ ამის წარმოჩინება არ ხდება, რადგან ძალადობის მსხვერპლი სამართალდამცავებს უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს. ისინი მიმართავენ მაშინ, როდესაც აფექტის მდგომარეობაში არის ქალი ჩავარდნილი, შემდეგ პოლიციელი მიდის, ის მშვიდდება და ეუბნება, რომ პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მოაგვარეს, თუმცა რეალურად პრობლემა არ არის მოგვარებული და ხდება ტრაგედიები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რაც ბოლო დღეებში იხილეს, რომელიც ქალთა დისკრიმინაციის ფაქტებს, მათ მიმართ ძალადობას შეეხება, რომელიც მკვლელობითაც კი დასრულდა. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ არის სერიოზული პრობლემა, ეს მთელს მსოფლიოში ხდება და მთელი მსოფლიოს სირცხვილია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ქალების 35%-ის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ძალადობა. ღარიბაშვილის განცხადებით, ბევრად უფრო რთული მდგომარეობაა ცალკეულ ქვეყნებში, თუმცა ის ფაქტი, რომ ძალადობის ეს ფორმა არის საქართველოში, ეს პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს.