საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ თეატრალიზებული წარმოდგენებით და ისტერიკით ძალადობის პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის, ოჯახურ ძალადობის საკითხზე იმუშავებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიდგომა შეიმუშავეს და ახლა აპირებენ კომპლექსური ღონისძიებები დაგეგმონ და კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხდნენ. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას განსაკუთრებით სურს გამოყოს ოჯახური ძალადობის თემა და ქალებზე ძალადობა, რაც ამ ბოლო დღეებში საკმაოდ აქტუალური იყო საზოგადოებაში. ღარიბაშვილის განცხადებით, მას სურს აღნიშნოს, რომ ეს იყო, არის და დარჩება პრობლემად მთელ ცივილიზებულ სამყაროში, რაც არის სამწუხარო.
"ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ შევქმნათ საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდება არაერთი უწყება. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების თემა, ეს მოითხოვს, ბევრი უწყების ჩართულობას და მათ შორის, არა მხოლოდ სამთავრობო სექტორის, არამედ საზოგადოების ჩართულობასაც. აქ საუბარი იქნება განათლებაზე, ფსიქოლოგების ჩართულობაზე. ჩვენ მზად ვართ მათთან კომუნიკაცია გვქონდეს, მხოლოდ თეატრალიზებული წარმოდგენებით და ამ ისტერიკით ჩვენ ამ ძალადობას ვერ მოვაგვარებთ. პირიქით, კიდევ უფრო დავძაბავთ დაძაბულ მოსახლეობას. მე ძალიან მიკვირს ადამიანების, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ისტერიკით პასუხობენ პრობლემას. ამით პრობლემა არ მოგვარდება, საჭიროა მიდგომა, თანმიმდევრული მუშაობა და კომპლექსური ღონისძიებების გატარება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მანვე შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა წარმოადგინოს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს ძალადობის პრევენციის სტრატეგია.
"მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ შემუშავებული ეს სტრატეგია, მათ შორის იქნება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კონცეფცია. ზოგადად, ჩვენ უნდა ჩავრთოთ ყველა სპეციალისტი, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც ოჯახურ ძალადობაზე, ქალთა უფლებებზე და მათ სოციალურ ჩართულობაზე მუშაობს. ამ ჩართულობაში განათლების სამინისტროს როლი არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მანვე მიმართა განათლების მინისტრს და აღნიშნა, რომ სამინისტრო ამ თემაზე აქტიურად მუშაობს, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება თუ სპეციალური გაკვეთილები. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ასეთ საკითხებში, რათა განმარტონ რატომ ხდება ეს და საიდან მომდინარეობს პრობლემის არსი.
"დარწმუნებული ვარ, ოჯახში ძალადობის შემთხვევა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ ვიცით. ეს შეიძლება ბევრ ოჯახში ხდება, მაგრამ ამის წარმოჩინება არ ხდება, რადგან ძალადობის მსხვერპლი სამართალდამცავებს უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს. ისინი მიმართავენ მაშინ, როდესაც აფექტის მდგომარეობაში არის ქალი ჩავარდნილი, შემდეგ პოლიციელი მიდის, ის მშვიდდება და ეუბნება, რომ პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მოაგვარეს, თუმცა რეალურად პრობლემა არ არის მოგვარებული და ხდება ტრაგედიები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რაც ბოლო დღეებში იხილეს, რომელიც ქალთა დისკრიმინაციის ფაქტებს, მათ მიმართ ძალადობას შეეხება, რომელიც მკვლელობითაც კი დასრულდა. ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ არის სერიოზული პრობლემა, ეს მთელს მსოფლიოში ხდება და მთელი მსოფლიოს სირცხვილია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ქალების 35%-ის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ძალადობა. ღარიბაშვილის განცხადებით, ბევრად უფრო რთული მდგომარეობაა ცალკეულ ქვეყნებში, თუმცა ის ფაქტი, რომ ძალადობის ეს ფორმა არის საქართველოში, ეს პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს.
"მე მინდა ყველას მივმართო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ მაშინ როცა საქმე გვაქვს ასეთ პრობლემებთან. მე ვიცი იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე შექმნილი კომისიის შემადგენლობის შეცვლაზე და რამდენიმე დღეში ეს პროცესი დასრულდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთ შემთხვევებში მხოლოდ პოლიციაზე გადაბრალება არის უსამართლო.
"აქ საუბარია ჩვენს კულტურაზე, ჩვენს მიდგომებზე, მენტალიტეტზე, ამას სჭირდება თანმიმდევრული მუშაობა. ხშირად როდესაც ამბავი ჩვენამდე მოდის, სამწუხაროდ, მაშინ უკვე დაგვიანებულია. ის რაც ხდება უნდა გამოვარკვიოთ და გამოვიკვლიოთ კომპლექსურად. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, ჩვენს ტრადიციებს და მთავარ რელიგიას. ქართველი კაცი ყოველთვის იყო და ვართ ამაყი, იმის გამო, რომ ყოველთვის დიდ პატივს ვცემთ ქალბატონებს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ქალების მიმართ ამგვარი მოპყრობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვითარების დრამატიზება არ არის საჭირო, პრობლემა ორ დღეში ვერ მოგვარდება, რადგან ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა.
"ჩვენ შემთხვევაში ფაქტია, რომ ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია – აგრესიას. წლების განმავლობაში ნანახი, მოსმენილი ძალადობა, ზოგიერთისთვის კი საკუთარ თავზე გადატანილი წამების, მკვლელობის, დევნის, რეპრესიის შედეგად, გასაკვირი არ არის ნამდვილად, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს და ამ ადამიანებს არ უნდა უკვირდეთ, ვინც აქ თეატრალიზებულ წარმოდგენებს მართავს. ასეთი რეპრესიული მანქანის შემდეგ ათასობით ადამიანი არის სტრესის ქვეშ და ეს ნუ დაგვავიწყდება. სააკაშვილმა 320 000 ადამიანი გაასამართლა, ათასობით ადამიანი არის რეპსრესირებული სააკაშვილის რეჟიმის დროს, მათმა დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა დევნა, რეპრესია, წამება, გაუპატიურება და ა.შ. და ეს ფსიქოზი, რომელიც ჩამოყალიბებულია, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი, რომელმაც სამწუხაროდ შედეგი გამოიღო და ახლა ამ თავისუფლების ფონზე წარმოიქმნა. ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი წარმოჩინებული და ამიტომ გვჭირდება მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.