პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელისუფლების შტოს არ წარმოადგენს, არამედ სიმბოლური ფუნქციები აქვს,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც ახალი კონსტიტუციური სისტემის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს.
როგორც ეკა ბესელია აცხადებს, საქართველო დღეს უკვე არის საპარლამენტო რესპუბლიკა, თუმცა კონსტიტუციაში დარჩენილია რამდენიმე წინააღმდეგობრივი მუხლი, რომელიც გასასწორებელია და სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი საკონსტიტუციო კომისია.
"დღევანდელ კონფერენციაზე ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გაკეთდა, რომლითაც დავინახეთ, როგორი იყო კონსტიტუციით, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ხელისუფლების გადანაწილების და ბალანსის რეალური სურათი, ვის რა უფლებამოსილება ჰქონდა. ეს სურათი შეიცვალა ოქტომბერში, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად. საპრეზიდენტო მმართველობიდან გადმოვედით საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე, სადაც საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს უკვე პარლამენტი, წარმართავს საქართველოს მთავრობა, ხოლო ხელისუფლების შტოს არ წარმოადგენს პრეზიდენტის ინსტიტუტი, არამედ ის არის სიმბოლური ფუნქციების მატარებელი, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური ფუნქციების, რომელიც არ ერევა აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, დღევანდელი კონფერენცია საკონსტიტუციო კომისიას დაეხმარება, რომ წინააღმდეგობები, რომელიც კონსტიტუციაში დარჩა, შეუსაბამობების თვალსაზრისით, გასწორდეს, საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოოდ შექმნას პროდუქტი, რომლითაც კონსტიტუცია იქნება გამართული, დაბალანსებული და ხელისუფლების სამივე შტოს საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის პერიოდში ექნება მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილება, რომლითაც ისინი არ გადაკვეთენ ერთმანეთს და განსაზღვრული იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი, ფუნქცია და ადგილი.
"ძალიან ხშირად კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ განაპირობა ის, რომ ხელოვნურად იქმნებოდა წინააღმდეგობრივი სურათი მთავრობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებს შორის, მაშინ როდესაც ეს უფლებამოსილებები გაწერილია კონსტიტუციაში, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კონფერენციას, რომელიც საკონსტიტუციო საკითხებზე მიმდინარეობს, ესწრებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე, კონსტიტუციონალისტები ავთანდილ დემეტრაშვილი, ვახუშტი მენაბდე, დეპუტატები მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ქართველი და უცხოელი ექსპერტები.