რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, რუსეთთან დაძაბულობის შემცირებამ გარკვეული პრაგმატული შედეგი მოიტანა.
როგორც აბაშიძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, არც ერთი ქვეყანა ინვესტიციას არ ახორციელებს სახელმწიფოში, რომელიც მამასისხლად არის გადაკიდებული რუსეთთან და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ აქვს მასთან ომი.
დღეს აბაშიძემ აღნიშნა ისიც, რომ ყოველი პატარა ინციდენტი საოკუპაციო ხაზზე მოსახლეობაში პანიკას იწვევდა, მაგრამ ამ თვალსაზრისით დაძაბულობამ შედარებით იკლო.
დეპუტატებთან შეხვედრისას ზურაბ აბაშიძემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ არ უნდა შეიქმნას ილუზია, თითქოს რუსეთთან პრობლემები მალე მოგვარდება, რადგან ეს ასე არ მოხდება. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნაბიჯები წინ ნელა-ნელა უნდა გადაიდგას.