საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტების, მიღებების, საპრეზიდენტო ღონისძიებების განხორციელებისათვის და ა.შ 2009-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი დაიხარჯა.
გაზეთი „ვერსია“ სტატიაში „მოგზაურობა ბიუჯეტით“ წერს, რომ 2012 წელს სააგენტო სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის ფინანსებიც, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაექვემდებარა.
„წარმომადგენლობით და სხვა ხარჯების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე გადატანით პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთის მხრივ მოსახერხებელ საფულედ აქცია სამსახურის ანგარიში, მეორეს მხრივ კი გაასაიდუმლოვა წარმართული ხარჯები, რაც მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. სააკაშვილის და მისი თანმხლები პირების საზღვარგარეთის ვიზიტებზე 2009-2013 წლებში მარტო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან დახარჯულია 5 მილიონამდე ლარი“,- ნათქვამია სტატიაში.
„ვერსია“ ყურადღებას ამახვილებს სააკაშვილის ვოიაჟზე ავღანეთში, 2013 წლის ახალი წლის შესახვედრად.
„საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 დეკემბრის #25/12/03 განკარგულებით დამტკიცდა სამუშაო ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში და გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობა. მოგვიანებით დელეგაციის შემადგენლობა შეიცვალა, ხოლო ვოიაჟს თან დაერთო დუბაიში გაჩერება 3 დღით, რომლის ჯამურმა ხარჯმაც 214 ათასი ლარი შეადგინა“,- წერს გამოცემა.
სტატიის მიხედვით, არანაკლებ სკანდალური იყო 2012 წლის 22-24 მარტს ტაილანდში, ქ. ფხუკეთში სააკაშვილისა და მისი თანმხლებების, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის და რაფაელ გლუქსმანის მოგზაურობა.
გაზეთი წერს, რომ 2 დღის ყოფილმა პრეზიდენტმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა და სააკაშვილის ფრანგმა მრჩეველმა ტაილანდში 128 ათასი ლარი დატოვეს, სამშობლოში კი დელეგაცია დაბრუნდა სინგაპურის გავლით, სადაც 2012 წლის 24-25 მარტს ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 61 ათასი ლარი შეადგინა. „მთლიანად, ავიაბილეთების ხარჯებთან ერთად, ტაილანდსა და სინგაპურში გატარებული სამი დღე სახელმწიფო ბიუჯეტს 213 ათასი ლარი დაუჯდა“,- აღნიშნავს „ვერსია“.
სტატიის ბოლოს ნათქვამია, რომ გარდა მოგზაურობის ხარჯების რეალურ მაჩვენებლებამდე დაყვანისა, დღესდღეობით, ჟურნალისტები დელეგაციებს მხოლოდ საკუთარი ხარჯებით მიყვებიან და სახელმწიფო ბიუჯეტი ამ ზედმეტი ხარჯისგან თავისუფალია. სააკაშვილისგან განსხვავებით, ახალი მთავრობის პირობებში, ვიზიტებზე ტელეჟურნალისტების მუშაობის ხარჯები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აღარ ფინანსდება.
„სიახლეა ხარჯების გამჭვირვალობაც, როდესაც დღეს აღარავითარ პრობლემას არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მოპოვება ნებისმიერ საბიუჯეტო ხარჯთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების დროს თანხები ძირითადად არამიზნობრივად, შეუსაბამო უწყებიდან და „საიდუმლო“ გრიფით იხარჯებოდა. გამჭვირვალობა და წინა ხელისუფლების ხარჯების გამოქვეყნება საშუალებას აძლევს არამხოლოდ ცალკეულ ანგაჟირებულ პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებს შეაფასოს მთავრობის საქმიანობა, გაწეული ხარჯი და მისი ეფექტურობა“,- წერს „ვერსია“.