საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან პოზიცია პარლამენტში დააფიქსირა, სადაც რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს გრიგორი კარასინთან ბოლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ზურაბ აბაშიძე პარლამენტის წევრებს კომიტეტების ფორმატში უკვე მესამედ ხვდება.
"რუსეთთან მოლაპარაკებების ეს ფორმატი კომუნიკაციის არხია. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც რუსეთს ამა თუ იმ ფორმით არ ესაუბრება. ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ამიტომ 2-3 თვეში ერთხელ რომ შევხდეთ და დაგროვილ პრობლემებზე მეზობლებმა ვისაუბროთ, რაოდენ რთული ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს, ეს არის ბუნებრივი მოთხოვნა. მუდმივად კონფრონტაციულ ვითარებაში ვერ ვიქნებით. უკრაინას, რომელიც ასეთ რთულ ვითარებაშია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გაუწყვეტია და სხვადასხვა უწყებებს შორის არის კომუნიკაცია", - განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ზურაბ აბაშიძემ.
მან ყურადღება გაამახვილა კარასინთან მოლაპარაკებების მანდატზე და აღნიშნა, რომ მათი საუბრის მთავარი საგანი არის სავაჭრო ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები. გაამართლა თუ არა მოლაპარაკებების ამ ფორმამ, აბაშიძის თქმით, ამაზე თავად ციფრები მეტყველებს. კერძოდ, ზურაბ აბაშიძემ ჟურბალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 188 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, როცა 2011 წელს იყო ნული.
ზურაბ აბაშიძეს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები ხვდებიან.