აშშ უკრაინის ან საქართველოს ომებში მათ ნაცვლად ბრძოლას არ აპირებს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა, ქრისტოფერ მერფიმ "ამერიკის ხმის" ალბანურ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
სენატორის თქმით, საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს დაცვა არ ექნებათ, სანამ ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამენ, თუმცა აშშ-ს შეუძლია, ამ ქვეყნებთან უფრო ღრმა სამხედრო თანამშრომლობა ჰქონდეს და სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული "უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი", რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას "ნატო-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად" აღიარებს.
"უკრაინისთვის და საქართველოსთვის ახლა კრიტიკული დროა. საქართველო ძალიან ფრთხილად აკვირდება იმას, რაც უკრაინაში ხდება. ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნათელი გზავნილის მიწოდება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, იმის შესახებ, რომ ხანგრძლივი სამხედრო თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუნდაც ნატო-ს ოფიციალური სტრუქტურის ფარგლებს გარეთ. ნატო-ს საკუთარი პროცესი აქვს, რომლის გავლაც აუცილებელია. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში, საქართველოს წევრად გახდომის მიღწვევა შეუძლია, სულ მცირე, სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება მაინც. აშკარაა, სანამ ნატო-ს მომავალ წევრობაზე რეალური საუბარი დაიწყება, უკრაინა მიმდინარე კრიზისს უნდა გაუმკლავდეს", - განაცხადა მერფიმ.