პრემიერი ძალადობის პრობლემატიკაზე მომუშავე ჯგუფი პირველ შეხვედრას მართავს

პრემიერი ძალადობის პრობლემატიკაზე მომუშავე ჯგუფი პირველ შეხვედრას მართავს

შეხვედრას შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები ესწრებიან, რომლებიც სამუშაო ჯგუფში შედიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები არც ერთი ქვეყნისთვის ახალი არაა და დღევანდელი შეხვედრის ამოცანაა, საქმიანობა, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, პრემიერის მიერ იყოს კოორდინირებული.

„ჯანდაცვის სამინისტროში წლებია, არსებობს ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სპეციალური დეპარტამენტი. ჩვენ მთელი ეს პერიოდი მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დღევანდელი შეხვედრის მტავარი ამოცანაა, რომ საქმიანობა, რომელსაც სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, პრემიერის მიერ იყოს კოორდინირებული. რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და ბევრად მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს საკითხი უფრო ეფექტურად ვმართოთ“, - განაცხადა სერგეენკომ.

სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას, რომელიც სოციალური მუშაკების არაეფექტურ მუშაობას ეხებოდა, მინისტრმა განაცხადა, რომ მათი მუშაობის ეფექტურობის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

„მადლობელი ვარ სახალხო დამცველის ასეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციისთვის. ჩვენ აქამდეც ვმუშაობდით ამაზე და მომავალშიც გავაგრძელებთ. ოჯახში ძალადობის საკითხი კომპლექსურია. ეს მხოლოდ რეგულაციებით არ რეგულირდება და მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს. ასევე, როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების ფართო ჩართულობას ამ საკითხში“, - განაცხადა სერგეენკომ.