მნიშვნელოვანია, რომ სამი ახალგაზრდის მკვლელობა, რომელიც 8 წლის წინ მოხდა, არ დარჩა შეუფასებელი და მკვლელები ციხეში მოიხდიან სასჯელს , - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განაცხადა.
პროკურორის თქმით, მოსამართლემ მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება.
"ადამიანები, რომლებიც უდანაშაულოდ დაიხოცნენ, მათი მკვლელები სასჯელს მოიხდიან ციხეში. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი პროცესების განვითარებას შეუწყოს ხელი", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პროკურატურისთვის მოსალოდნელი იყო.
"ამაზე პროცესის პირველივე დღიდან ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ საქმეში იყო უტყუარი მტკიცებულებები და აქედან გამომდინარე ვფიქრობდით, რომ ადეკვატური გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მედიის საშუალებით ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში ატეხილი აჟიოტაჟი და დაცვის მხარის განცხადებები იმაზე, რომ პროკურატურა ზეწოლას ახდენდა სასამართლოზე. ეს განცხადებები ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – ადვოკატებმა კარგად იცოდნენ, რომ ამ საქმის მტკიცებულებებით, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა და შესაბამისად მათ გააჟღერეს ცრუ ინფორმაცია, რათა საზოგადოება მოემზადებინათ ამისთვის. თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩვენს პოზიციას იზიარებს", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურის სამომავლო გეგმებს, პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარე კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო წესით ბაჩო ახალაიას განაჩენის გამამართლებელ ნაწილს, კერძოდ, 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბაჩო ახალაია სასამართლომ ამ ნაწილში გაამართლა, თუმცა წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.