ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქართველ და ებრალ ხალხს 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ულოცავს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნეთანიაჰუს მილოცვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის დელეგაციასთან გამართულ ოფიციალურ ვახშამზე მოისმინა.
"განსაკუთრებული ურთიერთობა ჩვენ ორ ერს შორის ეფუძნება საერთო კულტურულ ფასეულობებს. თქვენი ინიციატივა არის ხორცშესხმა ებრაული დიასპორის წვლილისა ქართველი ერისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაღრმავებას და ამით შევინარჩუნებთ 26 საუკუნოვან მეგობრობისა და ძმობის დიდ ტრადიციას", - აღნიშნულია მილოცვაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, ვახშამზე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისრაელთან მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.
"ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს ღრმა ფესვები და დიდი ტრადიცია აქვს. ჩვენი ურთიერთობა დღესაც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. საამაყოა, რომ 26 საუკუნის წინ საქართველოს მიწაზე დაწყებული ჩვენი თანაცხოვრება და მეგობრობა სულ უფრო მყარდება. მსოფლიოში არ არსებობს ორი ერის ძმობის ისეთი მაგალითი, როგორიც ქართველთა და ებრაელთა შორისაა. და ჩვენ მზად ვართ მეგობრობისა და ურთიერთობის ეს მაგალითი მთელ მსოფლიოს გავუზიაროთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.