როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარებაც კი არ არის საჭირო, იმის სათქმელად, რომ განაჩენი იქნება დაუსაბუთებელი, ვინაიდან, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.
„ანი ნადარეიშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნებოდა. ეს უკვე რამდენიმე ფაქტია, რასაც ანი ნადარეიშვილი წინასწარ აანონსებს. ეს არის იმის შედეგი, რაზეც დღევანდელ დღემდე იყო საუბარი. ანუ, ეს არის იმ ზეწოლების შედეგი, რაზეც ანი ნადარეიშვილი და ჩვენ, ყველა ვსაუბრობდით“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
მისივე თქმით, ბაჩო ახალაია სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი პატიმრების წამებისა და სანდრო გირგვლიანის ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალში, კერძოდ, სასამართლომ იგი სსკ 144-ე და 332-ე მუხლებში გაამტყუნა.
„ბაჩო ახალაია გამართლდა 333-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილში. ეს ეხებოდა პატიმრების ბრძანების გარეშე გადაყვანას და ასევე, წამებასთან ერთად, მას წარდგენილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და სწორედ ამ მუხლში, 2 ეპიზოდთან დაკავშირებით, გამართლდა“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ასევე, განაჩენის გასაჩივრებას სხვა ადვოკატებიც გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას, სასამართლოს გადაწყვეტილებით 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.