ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, 2012-2014 წლებში, 62 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტის სტატუსი 42 395 ათასმა სტუდენტმა შეიჩერა.
"ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კომლექსური მოქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებს, რაც გულისხმობს ერთიანი ბაზის შექმნას, რომელშიც საქართველოში არსებული აკრედიტირებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები ყოველი სემესტრის დასაწყისში განათავსებენ თავიანთ სასწავლებლებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობას და მიუთითებენ სტატუსის შეჩერების მიზეზს. ორგანიზაცია სთავაზობს სამინისტროს, შეიქმნას ახალი მიდგომები და კრიტერიუმები, როდესაც სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, სტატუსშეჩერებულ სტუდენტს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაში დაეხმაროს, თუმცა ეს არ უნდა იყოს საყოველთაო ხასიათის, არამედ, მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის განკუთვნილი, ვისაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სწავლის საფასურის დასაფარად ნამდვილად ესაჭიროება და მიუხედავად კარგი აკადემიური მოსწრებისა, გადახდას ვერ ახერხებს.
"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტ ნინო ისაკაძის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 62 უმაღლეს სასწავლებლის მონაცემების საფუძველზე, დაფიქსირებულია 42 395 ათასი სტუდენტი, რომელსაც ერთხელ მაინც შეჩერებია სტუდენტის სტატუსი, ხოლო 16 პროფესიული სასწავლებლის მიხედვით, ეს სტატისტიკა შეადგენს 192 სტუდენტს. ორგანიზაციამ 2014 წლის 30 სექტემბერს მიმართა სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია _ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს რომელ უმაღლესს და პროფესიულ სასწავლებლებში, რამდენ სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული სტუდენტის სტატუსი, რა წარმოადგენდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზსა და საფუძველს და რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავდა სამინისტრო იმისთვის, რომ შეჩერებული სტუდენტის სტატუსის მქონე მოქალაქეებს დახმარებოდა. ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, სამინისტროსგან მოწოდებული სტატისტიკის მიუხედავად, უცნობი დარჩა ინფორმაცია, თუ რა მიზეზით ჰქონდათ სტუდენტებს სტატუსი შეჩერებული, ვინაიდან ოფიციალურ წერილში მხოლოდ საუბარია კანონის ნორმის განმარტებაზე, თუ რა ვითარებაში ხდება სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" წარმომადგენლები 2014 წლის 17 ოქტომბერს დაესწრნენ მინისტრთან გამართულ შეხვედრას, სადაც საკითხზე გაკეთდა განმარტება, რომ ფინანსური დავალიანების გამო, დღეის მდგომარეობით, სტატუსი 11 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. მათ შორის არიან სტუდენტები, რომელთაც 100%-იანი გრანტი აქვთ მოპოვებული და მიზეზად მაინც, ფინანსური დავალიანება აქვთ მითითებული. არიან სტუდენტები, რომელთაც 100%-იანი გრანტის ვადა (4 წელი) ამოეწურათ, ვერ დააგროვეს სათანადო კრედიტები და დამატებითი სემესტრის აღება უწევთ. ასევე, 11 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტში დიდი წილი გვხვდება 10, 20, 30 და 100 ლარის დავალიანების მქონე სტუდენტები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში, შეგნებულად იჩერებენ სტუდენტის სტატუსს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014-2015 სასწავლო წელს სტატუსი შეიჩერა მხოლოდ 137 სტუდენტმა.
"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, თუკი 2012 წელს, სტუდენტის სტატუსი 3543-მა სტუდენტმა, 2013 წელს - 10 329, ხოლო 2014 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, სტატუსი უკვე აღდგენილი აქვს 10 000-მდე სტუდენტს, ამ მიდგომით, დაახლოებით 1 858 სტუდენტს სტატუსი ისევ შეჩერებული აქვს.