დავით ბერძენიშვილი - agenda.ge–მ უნდა განმარტოს, როგორ და რა პირობებით გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის წერილი

დავით ბერძენიშვილი - agenda.ge–მ უნდა განმარტოს, როგორ და რა პირობებით გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის წერილი

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" ხელმძღვანელის დავით ბერძენიშვილის აზრით, agenda.ge–მ უნდა განმარტოს, როგორ და რა პირობებით გამოქვეყნდა პარლამენტის თავმჯდომარის წერილი International New York Times–ში. ამის შესახებ მან რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" საუბრისას განაცხადა. 

ბერძენიშვილის თქმით, საკითხის მიმართ გამოწვეული ინტერესი ბუნებრივია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად სტატიის შინაარსი და პათოსი მის უკმაყოფილებას არ იწვევს, რადგან "დღევანდელი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის შექმნილი ხელისუფლებაა, მიხეილ სააკაშვილის შეცვლა ივანიშვილის და მისი პარტნიორების მეშვეობით მოხერხდა". 

"არსებობს agenda.ge და მეც მაინტერესებს და გაგვარკვიონ – დავით უსუფაშვილმა გამოხატა თავის პოზიცია, დაწერა, agenda.ge-ს გადასცა და მას უნდა დაებეჭდა. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ რომელიმე ევროპულ გამოცემაში დაიბეჭდებოდა და შემდეგ აღმოჩნდა ამ გამოცემაში. საკითხი ინტერესის საგანი გახდა, რაც ბუნებრივია. agenda.ge–მ გვითხრას, რა ხდება და როგორ არის", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა გადაცემა "რეზიუმეში". 

არასამათავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველომ”   გაავრცელა ინფორმაცია, რომ  International New York Times-ში გამოქვეყნებულ დავით უსუფაშვილის წერილში დაახლოებით 75 ათასი ევროა გადახდილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით კი, საერთაშორისო გამოცემა International New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული წერილისთვის თანხა არც მას, არც პარლამენტს და არც ბიუჯეტს არ გადაუხდია. 

როგორც უსუფაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, მან სტატია რამდენიმე ევროპულ გამოცემას შესთავაზა, რომელთა მხრიდანაც იყო პირობა მასალის ერთი მეოთხედის დაბეჭდვის თაობაზე, ხოლო ამის შემდეგ ის გამოსაქვეყნებლად პორტალ agenda.ge-ს გადასცა.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნული სტატიის დაწერის მიზეზებზეც ისაუბრა. "რაც ამ სტატიაში წერია, არის სრული სიმართლე. გადავწყვიტე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამეხსნა, თუ რაშია საქმე. სტატია დაიწერა დაახლოებით ერთი თვის წინ. მაშინ, როდესაც განსაკუთრებით რთულდება ჩვენი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებაში და არის სერიოზული ხიფათი, ზუსტად ამ დროს მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ვიჯდები ჩემს ოთახში და ვერ ვუყურებ მშვიდად იმას, თუ როგორ ავრცელებენ დეზინფორმაციას ცალკეული პოლიტიკოსები იმის შესახებ, თითქოს რუსეთს უკვე ანექსირებული საქართველო, რადგან ხელისუფლებაში პუტინისა და რუსეთის მარიონეტები სხედან. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე ყველაზე უფრო არასწორი ქმედება, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა ჩაიდინოს. ვინაიდან ავრცელებენ მსოფლიოში, რომ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი არის პუტინიდან მართული პოლიტიკური ძალა, დიახ, გადავწყვიტე, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ფაქტები, ხოლო შეფასებები თავად გააკეთონ. ამან ძალიან სერიოზული შედეგი გამოიღო – ბევრი ადამიანი თავიდან ჩაუფიქრდა ამ მოვლენებს", - განაცხადა ჟურნალისტრებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.