ამ წუთებში ხმაურია "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან. "თავისუფალი თაობის" აქციაზე პოლიციასა და აქციაზე შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელი ზურაბ ბიგვავა დააკავეს.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობის მიმართულებით კვერცხების სროლა დაიწყეს, რასაც პოლიცია შეეწინააღმდეგა. შეხლა-შემოხლის დროს, ჯერჯერობით არსებული ინფორმაციით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი, დავით დიდია და ზურაბ ბიგვავა.
აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან პარტიის გაუქმების მოთხოვნით ტარდება. "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები აქციაზე იმყოფებიან დროშებით. მათ წაიკითხეს პეტიცია, რომლის გადაცემასაც პარტიისთვის აპირებდნენ, თუმცა როგორც თავად აღნიშნეს, პოლიციამ არ მისცა საშუალება, პეტიცია შენობაში შეეტანათ.
აქციის ფონზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩართულია პოლიციის ჰიმნი და სიმღერა "მიშა მაგარია". ადგილზე მოწყობილია პოლიციის კორდონი.