მაია ცქიტიშვილი - პრემიერისა და ქართული დელეგაციის გაეროში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია დამახინჯებით გავრცელდა

მაია ცქიტიშვილი - პრემიერისა და ქართული დელეგაციის გაეროში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია დამახინჯებით გავრცელდა

მთავრობის კანცელარიის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის და ქართული დელეგაციის გაეროში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია დამახინჯებით გავრცელდა , - ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებები მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

"წელს პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე მეორედ იმყოფებოდა. მისი გადაწყვეტილებით, როგორც პირველი ვიზიტის დროს, ასევე მეორე ვიზიტისას, მას კერძო თვითმფრინავით არ უსარგებლია. პრემიერ-მინისტრმა იმგზავრა ჩვეულებრივი რეგულარული რეისით, რაც მოხდა სახელმწიფო სახსრების დაზოგვის და ეკონომიის მიზნით. დაიზოგა დაახლოებით 300 000 ლარამდე, რაც იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რათა კერძო თვითმფრინავი არ დაგვექირავებინა. მთელმა დელეგაციამ ჩვეულებრივი რეგულარული რეისით იმგზავრა. რაც შეეხება ბილეთების ფასს, სამწუხაროდ, ჩვენ მის ღირებულებას ვერ ვაკონტროლებთ. საერთაშორისო ფრენების ტარიფებზე გავლენა არ გვაქვს. პრემიერთან შეთანხმების გარეშე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მთავრობის მეთაურისთვის უნდა შეძენილიყო პირველი კლასის ბილეთი", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს, ცქიტიშვილის განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მთავრობისა და დელეგაციის მეთაურების ვიზიტისას პროტოკოლით გათვალისწინებულია შესაბამისი სასტუმროები, რაც არის ქვეყნის იმიჯის საკითხი. 

"გაჟღერებულ სასტუმროში აღებული იყო მხოლოდ 3 ნომერი, აქედან ბუნებრივია პრემიერს და მის მეუღლეს აღებული ჰქონდათ მხოლოდ ერთი ნომერი, ხოლო დელეგაციის წევრები განთავსდნენ 4 და 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

ტრანსპორტის ხარჯებთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტრანსპორტი 46 კაციან დელეგაციას ემსახურებოდა და მათ შორის იყვნენ მინისტრებიც. 

"ვადასტურებ, რომ მთავრობის კანცელარიამ გადაიხადა 42 000 ლარი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართული ქართული ფილმების ერთთვიანი რეტროსპექტივისთვის. ასევე დამახინჯებული იყო ინფორმაცია დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით. მინი-ბარისთვის არ დახარჯულა არც ერთი თეთრი და მინი-ბარით დელეგაციის არც ერთ წევრს არ უსარგებლია, დანარჩენი თანხა კი დახარჯული იყო ოფიციალური სადილებისა და შეხვედრების მომსახურებაში", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ჯამში რა დაჯდა ქართული დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი, მან დაასახელა 562 000 ლარი, რაც მისივე განმარტებით, მთავრობის კანცელარიის ხარჯებიდან არ არის გაწერილი.