დავით უსუფაშვილის შეხვედრა ჩეხეთის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებთან

დავით უსუფაშვილის შეხვედრა ჩეხეთის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებთან

ჩეხეთის რესპუბლიკა კვლავაც უცხადებს თანადგომას საქართველოს და მისი სუვერენიტეტის მხარდამჭერია. ამის შესახებ ითქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრაზე, რომელიც დღეს პარლამენტის თბილისის სასახლეში შედგა. ჩეხი პარლამენტარები ჩვენს ქვეყანას სამდღიანი ვიზიტით დღეს ესტუმრნენ.

შეხვედრაზე, რომელმაც მეგობრულ, გულთბილ ვითარებაში ჩაიარა, ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებსა და მომავლის გეგმებზე.

„ჩეხეთი იყო და რჩება საქართველოს მეგობრად ევროპასა და ნატოში და, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან საქმიანი, მეგობრული ურთიერთობები ჩვენს კოლეგებთან", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის პარლამენტარების თანამშრომლობას ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტების მუშაობაში. „საქართველოს პარლამენტის კომიტეტები მონაწილეობენ ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტების, კომიტეტების მუშაობაში და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩეხეთის მხარე საქართველოს სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას აცხადებს, ასევე გამოხატავს შეშფოთებას იმ მოვლენების მიმართ, რასაც ბოლო ხანებში ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჩეხი პარლამენტარების შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან, ისინი დაათვალიერებენ ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერს, იაშვილის კლინიკაში კი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მშობელთა სახლის დირექტორს შეხვდებიან.

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრების ვიზიტი საქართველოში 24 ოქტომბერს დასრულდება.