მთავრობის ადმინისტრაციაში ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციაში ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის მეთაურის უშუალო დაქვემდებარებაში იქმნება უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის, ოჯახური ძალადობის თემებზე იმუშავებს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, პირველ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან ხვალ შეიკრიბება.

ჯგუფის მუშაობაში პირველ ეტაპზე ჩართულები იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო მომდევნო ეტაპზე - საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ასევე მიმდინარეობდა მუშაობა ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველადი სამუშაო დოკუმენტი, რომლის განხილვაში ჩაერთვებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი რეკომენდაციები საბოლოო დოკუმენტში აისახება.