ხელისუფლებამ წყალში ჩაყარა ის შრომა, რის შედეგადაც საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენდა

ხელისუფლებამ წყალში ჩაყარა ის შრომა, რის შედეგადაც საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენდა

საგანგაშოა, რომ ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ხანში მოახერხა წყალში ჩაეყარა წლების განმავლობაში გაწეული შრომა, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის პრესამ გაავრცელა საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება თავის მოქალაქეებზე, მომატებული კრიმინოგენული საფრთხის გამო არ იმოგზაურონ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სამხრეთ სუდანი, მალი, ნიგერია, ლიბერია, ბურკინა-ფასო, იემენი, კამერუნი და საქართველო.

"ამას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც ამის მიზეზად დაასახელა სვანეთში უცხოელ ტურისტებზე ყაჩაღური თავდასხმა და განაცხადა, რომ ასეთ ფაქტებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებით ყურადღება, მაგრამ საგანგაშო არაფერია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნამდვილად საგანგაშოა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ხანში მოახერეხა წყალში ჩაეყარა წლების განმავლობაში გაწეული შრომა, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენდა. ეს ფაქტი ნამდვილად იმოქმედებს საქართველოზე ცუდად, იმოქმედებს ცუდად საქართველოს ეკონომიკაზე, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფურცლებზე ალამაზოს კრიმინოგენული მდგომარეობა, მიხედონ რეალურად საქმეს", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ შეიყვანა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო სარისკო ქვეყნების ჯგუფში. როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ასეთი ტიპის განცხადებებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები, ყოველწლიურად ავრცელებენ და როგორც ზალკალიანი აცხადებს, ამაში საგანგაშო არაფერია.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.