შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ დღეისთვის საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხთან დაკავშირებით არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტოკიოში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსი" ტოკიოდან იტყობინება, თენზიზ ფხალაძემ განმარტა, რომ შეხვედრისთვის ორი მხარის სურვილია საჭირო, რუსეთისგან კი კონსტრუქციული დიალოგის მზადყოფნა არ არსებობს.
"ამასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მიმდინარეობს არანაირი მუშაობა. საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ცნობილია. ასეთი შეხვედრა შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის დასაწყისი - თუკი ჩვენ საუბარი გვექნება რაღაც სერიოზულ ნაბიჯზე, რომელიც წაადგება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მოგეხსენებათ ისიც, რომ ნებისმიერი შეხვედრა უნდა იყოს ორმხრივი სურვილით - საქართველო რომ მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, ამას ვამტკიცებთ ძალიან დიდი ხანია, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთისგან ასეთი მზადყოფნა არ არის, შესაბამისად არც შეხვედრის საკითხი არ განიხილება", - განაცხადა ფხალაძემ.
ამასთან, დიმიტრი პესკოვი რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ სიგნალს საქართველოსგან ელოდება. ამის შესახებ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა "ტელეიმედს" განუცხადა.
"ვითარება უნდა მომწიფდეს, გაჩნდეს პოლიტიკური ნება და შესაბამისი გარემო შეიქმნას. მეტი მოთმინება გვმართებს. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ სიგნალს თბილისისგან. თქვენი მხრიდან უნდა იყოს შესაბამისი პოლიტიკური ნება. პრეზიდენტმა კი თავისი სათქმელი უკვე თქვა. პუტინმა გასაგებად განაცხადა, რომ თუ საქართველოს მხრიდან მიიღებს სიგნალს, შეხვედრა შედგება", - აღნიშნა პესკოვმა.