ჩვენ ვცდილობთ, მივაწოდოთ მესიჯი რუს პოლიტიკოსებს, რომ სტაბილური მეზობლები მათ საზღვრებთან არის კარგი არა მხოლოდ მეზობლებისთვის , არამედ თვითონ რუსეთის ფედერაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტოკიოში, ეროვნულ პრესკლუბში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველომ აირჩია პროდასავლური გზა.
"ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ჩვენს საერთო მეზობელთან, რუსეთთან ურთიერთობა. ამ წლის დასაწყისიდან ჩვენ ვნახეთ რუსეთის ძალიან აგრესიული პოლიტიკის მეორე ტალღა რეგიონში. პირველი ტალღა იყო 2008 წელს, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მეორე ტალღა კი იყო 2014-ში უკრაინაში. ახლა რუსეთი აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოში და მიიწევს ჩვენი ტერიტორიის ანექსიისკენ. ჩვენ ძალიან მტკიცედ დავგმეთ მისი ეს ქმედებები. ჩვენ ვცდილობთ, მივაწოდოთ მესიჯი რუს პოლიტიკოსებს, რომ სტაბილური მეზობლები მათ საზღვრებთან არის კარგი არა მხოლოდ მეზობლებისთვის, არამედ თვითონ რუსეთის ფედერაციისთვის. ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებსაც მთელს მსოფლიოში, რომ კრიზისები მოხდებოდა, სანამ არ გვექნებოდა მტკიცე პოზიცია რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგთან დაკავშირებით",-აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ცდილობდა, აეხსნა მსოფლიოსთვის, რომ რეაგირება ისეთ ცალკეულ შემთხვევაზე კი არ უნდა მოვახდინოთ, როგორიცაა, მაგალითად, საქართველო ან უკრაინა, არამედ უნდა მოვახდინოთ რეაქცია გლობალურად. თუ ჩვენ ასე არ მოვიქცევით და ვერ მივხვდებით, რომ მშვიდი, სტაბილური, დემოკრატიული მეზობლები არის სასარგებლო ქვეყნისთვის და თუ არ გადავჭრით ამ საკითხებს, მოვახდენთ მილიონობით ადამიანის ცხოვრების დესტაბილიზაციას.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთს სურს, მეზობლები მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ამყოფოს.
"რუსეთს შეუძლია, პრობლემები შექმნას მეზობლების ტერიტორიაზე მისი სურვილის ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ტერიტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დიდ ქვეყანას, რომელსაც აქვს ატომური იარაღი, სურს, მისი მეზობლები მუდმივად იყვნენ შეწუხებულნი. ეს მოიცავს ევრაზიული კონტინენტის ძალიან დიდ ნაწილს. ეს ნიშნავს დაძაბულობას გლობუსის დიდ ნაწილზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.