ჩვენ სარეკლამო მასალებს იმაზე სალაპარაკოდ ვუკვეთავდით, რომ ქვეყანა იყო კარგი და არა - სააკაშვილი

ჩვენ სარეკლამო მასალებს იმაზე სალაპარაკოდ ვუკვეთავდით, რომ ქვეყანა იყო კარგი და არა - სააკაშვილი

როცა ის ხელისუფლება ხარ, რომელიც გიგა ბოკერიას ედავები, რატომ უხდიდა ფულს ლობისტებს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, ბიძინა ივანიშვილის სარეკლამო მასალებს არ უნდა უკვეთავდე, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წერილის International New York times-ში გამოქვეყნებაში 75 ათას ევრომდეა გადახდილი.

"თუკი წინა ხელისუფლება საერთაშორისო გამოცემებში ფასიან სარეკლამო მასალებს აქვეყნებდა, ეს იყო სტატიები საქართველოს შესახებ – რომ საქართველო არის კარგი ქვეყანა, რომ საქართველოში კორუფცია აღმოიფხვრა, კრიმინალი აღმოიფხვრა, საქართველოში ჩამოდით და ინვესტიცია განახორციელეთ. მიხეილ სააკშვილია კარგიო, ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობდით. თუკი ვინმე განსხვავებას ვერ ხედავს, ეს მხოლოდ სამწუხაროა. განსხვავება ჩვენსა და ბიძინა ივანიშვილის გუნდს შორის არის სწორედ ის, რომ ჩვენ ქვეყნის ფულს ვხარჯავდით იმის სალაპარაკოდ, რომ საქართველოა კარგი ქვეყანა, ხოლო ივანიშვილის გუნდი ლაპარაკობს, რომ ივანიშვილია კარგი და ეს ხდება იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, როდესაც რუსეთი უკვე იურიდიულად იტაცებს აფხაზეთს და მის ანექსიას ანხორციელებს, როდესაც ამის და კიდევ სხვა უამრავი პრობლემის გამო დასაჩქარებელია ქვეყნის ნატო-ში და ევროპულ სტუქტურებში გაწევრიანება, როდესაც გასაგრძელებელია პოლიტიკა, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს, რათა სამუშაო ადგილები გაჩნდეს და ასე შემდეგ", - განაცხადა ბარამიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წერილის International New York times-ში გამოქვეყნებაში 75 ათას ევრომდეა გადახდილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ International New York times-ში დაბეჭდილ მის წერილში პირადად მას არაფერი გადაუხდია. მისი თქმით, მან სტატია დაწერის შემდეგ აგენდა.გე გადასცა და სთხოვა, რომ გამოექვეყნებინა.