ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი გაიმართა

მთავრობის კანცელარიასთან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი გაიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოფო კილასონიამ განაცხადა , პერფორმანსი მოქალაქეეების მიერ არის მომზადებული.

"ამ აქციის მიზეზი ის არის, რომ ქალების მიმართ გამწვავებული ძალადობაა და ეს უკიდურეს ფორმებს იძენს, მოაღწია გურჯაანიდან და ავიდა ილიას უნივერსიტეტში. სტუდენტების თვალწინ გაცხადდა ის უაღრესად მძიმე პრობლემები, რაც გენდერულ უთანასწორობას ახლავს, რაც ამ ქვეყანაში დღეს სუფევს", - განაცხადა სოფო კილასონიამ.

მისივე განცხადებით, აღნიშნულის მიმართ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები მიუღებელია.

"მთავრობის წევრების მხრიდან ეს არ გახდა აღშფოთებისა და განგაშის მიზეზი. ისინი ნეიტრალურ განცხადებებს აკეთებენ და მეტიც, იურისტი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თურმე ამ მკვლელობების დროს მნიშვნელოვანია მიზეზი", - განაცხადა სოფო კილასონიამ.

დღევანდელ აქცია-პერფორმანსზე აქციის მონაწილეებმა თვალები აიხვიეს და საკუთარ პროტესტს საყოფაცხოვრებო ნივთების ერთმანეთზე დარტყმით გამოხატავდნენ. აქციის ორგანიზატორი სოფო კილასონია ამბობს, რომ დღევანდელ დღეს თვალების ახვევა მოხდა იმიტომ, რომ საზოგადოება ქალებს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ გვასწავლიან, რომ უნდა ვიყოთ აღვსილი მოთმინებით, რადგან ქართველი ქალები ვართ. ამ ჩვენმა დუმილმა გამოიწვია ის, რომ არა უბრალოდ ფსიქოლოგიურად ძალადობენ, არამედ ფიზიკურადაც ანადგურებენ დღეს ქალებს", - განაცხადა სოფო კილასონიამ.