ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტისგან პოლიტიკურ მხარდაჭერას ითხოვს.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ლადო პაპავას პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება ამავე ტერიტორიაზე სასაფლაოს გაფართოების პრობლემაა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ტერიტორია, სადაც გაზგასამართი სადგური კეთდება თსუ-ს კუთვნილი ტერიტორია არ არის და მასთან სამართლებრივ დავაში ვერ შევა.
პაპავას განმარტებით, აღშფოთების საგანია ის, თუ რა უნდა უნივერსიტეტის გვერდით გაზგასამართ სადგურს, ან სასაფლაოს.
"ითქვა, თითქოს ლადო პაპავამ კერძო ბიზნესს დაუწყო ბრძოლა. როგორც ეკონომისტი, სწორედ ბიზნესის განვითარებისკენ ვარ მოწოდებული, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს უნივერსიტეტის ხარჯზე მით უფრო, როდესაც საუბარია ისეთ ბიზნესზე, რაც უნივერსიტეტისთვის არის შეუფერებელი. ქალაქს სჭირდება გაზგასამართი სადგურიც, სასაფლაოც, სახინკლეც, მაგრამ არა უნივერსიტეტის გვერდით", - განაცხადა ლადო პაპავამ კომიტეტის სხდომაზე.
რექტორის თქმით, მასთან შეხვედრის სურვილი გააჩნია როგორც გაზგასამართი სადგურის, ასევე სასაფლაოს წარმომადგენლებს, თუმცა პაპავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათთან ამ თემაზე არავითარ გარიგებაში შესვლას არ აპირებს.
"შეიძლება ეს ბრძოლა უნივერსიტეტმა წააგოს, მაგრამ მე ჩემს ვალს როგორც უნივერსიტეტის რექტორი პირნათლად მოვიხდი და ამ თემაზე არავითარ გარიგებაში არავისთან არ შევალ", - განაცხადა ლადო პაპავამ.