საქართველო-ისრაელის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს

"ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-ისრაელის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში იმართება.

ფორუმს ესწრებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკს მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე და ბიზნესმენები ისრაელიდან, აშშ-დან, რუსეთიდან და ევროპიდან.

ფორუმი თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა, რომ ფორუმი ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26-საუკუნოვანი ძმობის იუბილის დროს იმართება.

გიორგი კვირიკაშვილმა დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრა.

"5 პროექტს მოეწერა ხელი, მათგან, ორი არის სასტუმრო სექტორი, ორი საშუალო ზომის საწარმო და ერთი მაღალტექნოლოგიური საწარმო. ასზე მეტი ინვესტორია ისრაელიდან ჩამოსული. ყველანაირი სპექტრის კომპანიები არიან, როგორც მცირე, ასევე დიდი კომპანიები. საქართველოს მხრიდანაც არის ძალიან დიდი ინტერესი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ სამუშაო შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება თბილისში ორი სასტუმროს მშენებლობის თაობაზე. მისივე თქმით, დღეს კიდევ დამატებით რამდენიმე პროექტზე იქნება საუბარი.

"საუბარია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის არის სასტუმრო ინდუსტრია, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ინდუსტრიის განვითარება. ასევე საუბარია გადამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციების ჩადებაზე. რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებს იზიდავს არის ის, რომ ჩვენთან ადმინისტრაციული პროცედურები მარტივია, საგადასახო რეჟიმი მათთვის მისაღებია, დაბალი გადასახადებია. სხვა დანარჩენ ნაწილში, მშენებლობის ნებართვის ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათთან და მაქსიმალურად გავამარტივებთ ამ პროცედურებს, რომ სწრაფად დაიწყონ სამშენებლო პროცესი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა განაცხადა, ქართველ და ებრაელ ერებს შორის კარგი კავშირებია და იგი საქართველოში ჩამოვიდა, რათა მხარი დაუჭიროს საქართველო-ისრაელს შორის ეკონომიკურ კავშირებს. მისივე თქმით, თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ძალიან საინტერესოა.