უკრაინაში კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს

უკრაინაში კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინაში კრიზისი მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს და რაც შეიძლება მალე. ამის შესახებ ანგელა მერკელმა სლოვაკეთში ვიზიტისას განაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის თქმით, საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა იმისთვის, რომ უკრაინას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მალე დასრულდეს, ვინაიდან ზამთარში ბუნებრივი აირით გათბობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნას.

თავის მხრივ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ გაზის მიწოდება არ უნდა იყოს მიმწოდებლის მხრიდან პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი.

"უკრაინაში სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევა ევროპაში ბუნებრივი გაზის სტაბილურ მიწოდებასაც გულისხმობს", - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.